არქიტექტურის და ინტერიერის ფოტოგრაფია

ავტორი • 26/06/2017 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)819


ფოტოესე აგრძელებს რუბრიკას “ყველაფერი ფოტოგრაფიის შესახებ” და ამჯერად გვსურს გაგაცნოთ არქიტექტურის და ინტერიერის ფოტოგრაფიის ჟანრი, რომელზეც ფოტოგრაფი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი ისაუბრებს, გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და სასარგებლო რჩევებს.

არქიტექტურის ცეკვა

არქიტექტურის და ინტერიერის გადაღება ცეკვის ან სპექტაკლის გადაღებას ჰგავს. რთულია. უნდა ეცადო, რომ უბრალოდ ფაქტის დაჭერაზე მეტი მოახერხო და თან აბსოლუტურ სტატიკურობაში შენი თითებით, შუქითა და ჩრდილით შექმნა დინამიკა. და წარმოაჩინო უფრო მეტი, ვიდრე პროექტის რენდერი გაჩვენებს.

ვეცდები პრაქტიკული რჩევები მოგცეთ, რომელიც სხვადასხვა აღჭურვილობის პირობებში გამოგადგებათ.

სპორტული რეპორტიორისგან განსხვავებით, არქიტექტურის ფოტოგრაფია არ მოითხოვს მრავალათიათასიან აღჭურვილობას, თუმცა კარგი ინვესტიცია მაინც სჭირდება.

თუ გადაწყვეტთ, რომ ინტერიერი და არქიტექტურა უნდა გადაიღოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ სრულკადრიანი (Full frame) კამერა (მე ვიყენებ Canon 5D MRK IV-ს), ულტრა-ფართოკუთხიანი ობიექტივი და შტატივი. პროგრამული ნაწილიდან კი Photoshop ან Lightroom, რომელთა შეძენა, ბრიჯთან ერთად, თვეში სულ რაღაც 10$-ად შეგიძლიათ. გახსოვდეთ,  ფულს თუ ვიღაცის წყალობით შოულობთ, წილი მანაც უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში, ის თვიური 10$, რასაც ლიცენზირებულ Photoshop-სა და Lightroom-ში გადაიხდით, არის ლეგალური წილი, რომელიც Adobe-მ თქვენგან უნდა მიიღოს. ამის გარეშე, თქვენი სამუშაოს კარგად შესრულება უბრალოდ შეუძლებელი ან ძალიან რთული გახდებოდა.

ფოტოაპარატი უნდა იყოს ისეთი, რომ დიდხნიანი დაყოვნების შემთხვევაში, არ მოგცეთ უსარგებლო ხმაური (Digital Noise) ბნელ ადგილებში. ბოლო 3 წელში გამოშვებულ კამერებს დახვეწილი მატრიცა აქვთ და ამ პრობლემის წინაშე არ დადგებით.

ფართოკუთხიანი ობიექტივის მინიმალური ფოკალური მანძილი უნდა იყოს 16 და 20 მილიმეტრს შორის. რატომ ეს რიცხვები: 16 მმ-ზე ქვემოთ ხაზების დეფორმაცია უკვე საგრძნობია და არაა ეს კარგი ამბავი, სათითაოდ მოგიწევთ სწორება Photoshop-ში. ხოლო 20 მმ-ზე ზემოთ გაგიჭირდებათ, რომ სრულად ჩატიოთ ობიექტი ან ინტერიერი ერთ კადრში. პანორამული კოლაჟების თავიდანვე კეთება კი ცოტა რთულია. უმჯობესია ჯერ მარტივ ტექნიკას დაეუფლოთ.

აკრძალვა: არ გაბრიყვდეთ და არ გადაიღოთ არქიტექტურა თევზის თვალით. მე ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგი ვარ ყველაფერში, თუმცა გამონაკლისებს შიგადაშიგ ვუშვებ. არქიტექტურა და „fish eye” ერთად ესაა დანაშაული, რის გამოც ჯოჯოხეთში ხვდებიან.

შტატივი გჭირდებათ იმისთვის, რომ კამერა უმოძრაოდ იდგეს დიდი დაყოვნებით გადაღებისას.

ხელით არ გადაიღოთ!ვიმეორებ, უშტატივოდ არ გადაიღოთ!

რატომ გჭირდებათ დიდი დაყოვნებით გადაღება?

იმიტომ რომ ინტერიერი აუცილებლად მინიმალურ მგრძნობელობაზე (ISO) უნდა გადაიღოთ, რათა თავიდან აირიდოთ ე.წ. “ხმაური”. საერთო ხედში ინტერიერის ყველა ნაწილი რომ ფოკუსში იყოს, დიაფრაგმა აუცილებლად უნდა მოხუროთ და ნიშანი F უნდა გიჩვენებდეთ 14-ს ან მეტს. 14-ზე ზემოთ შეგიძლიათ, ძალიან არ დაიძაბოთ ფოკუსის სწორებისას, მაინც ყველაფერი მკვეთრი იქნება.

აუცილებლად უნდა გადაიღოთ RAW, DNG ან NEFF ფორმატში, გააჩნია კამერის მოდელს.

გადაღებამდე გასათვალისწინებელი

აუცილებლად კარგად მიიარ-მოიარეთ ობიექტი, სანამ გადაღებას დაიწყებთ. უნდა იგრძნოთ ის, რაც არქიტექტორმა იგრძნო და რაც მას უნდოდა რომ გეგრძნოთ.

ელაპარაკეთ პატრონს და არქიტექტორს. სთხოვეთ, მოგიყვეთ რა უყვარს, რატომ, როდის და ა.შ. ასევე, როდისაა ესა თუ ის ნაწილი განსაკუთრებით ლამაზი.

შეუძლებელია რაღაც გადაიღო კარგად ისე, რომ არ გიყვარდეს. არქიტექტურაზე, შუქზე, დიზაინზე, ობიექტებზე მაგრად უნდა კაიფობდე თუ გინდა, რომ ფოტო კარგი გამოგივიდეს. აუცილებლად უნდა იკითხო ბევრი არქიტექრურასა და დიზაინზე. არქიტექტურული განათლება ან უბრალოდ კარგი რამეების ცოდნა დაგეხმარებათ, რომ კედლებსა და ხაზებს მიღმა უამრავი ზღაპრული შრე დაინახოთ, ბეტონი და მეტალი კი უზომოდ შეგიყვარდეთ.

კადრირება

თუ კამერას აქვს ასეთი ფუნქცია, აუცილებლად გადაიღეთ Live View რეჟიმში, პატარა მონიტორის საშუალებით. ამით თქვენს თვალს ბევრად უფრო გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. თუ არა და მოგიწევთ ვიზირით ჩალიჩი. თუ თქვენს კამერას აქვს ვიზირში გრიდის გამოტანის ფუნქცია, ცოტა უფრო გაგიმარტივდებათ ხაზების სწორად დაცვა.

კადრი არ დააყირავოთ! არც ააყირავოთ! შემთხვევების 99%-ში ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი.

ფართო ლინზა აუცილებლად მოგცემთ კასრისებურ დეფორმაციას (როცა ხაზები იღუნება და პარალელეპიპედის ფორმის ოთახი იღებს კასრის ფორმას). პერსპექტივაშიც ხაზები ერთი წერტილისკენ უნდა მიდიოდეს.  კადრში უნდა იყოს ის, რაც მნიშვნელოვანია. ნუ გაჭრით ობიექტებს შუაზე – ფანჯარას, ჭაღს, ინტერიერის სხვა დეტალებს. ნურც იჩქარებთ.

თუ კადრში რაიმე ჭარბი დოზით გაქვთ, იატაკი ან ჭერი, კეთილი ინებეთ და ახსნა მოუძებნეთ. ასეთი პროზაული რამის ჭარბი რაოდენობით მირთმევა აუცილებლად საჭიროებს განმარტებას. „ასე მომწონს და გავუშვი“ არ მოსულა. ვიდრე ამ დონემდე მიხვალთ, ბევრი სტანდარტული გრანიტი უნდა ჭამოთ.

კამერის სიმაღლეს, კადრში დომინანტი ობიექტის სიმაღლე განსაზღვრავს: მაგალითად, თუ კადრში დომინანტი საწოლია, კამერა უნდა იყოს დაბლა. საწოლი პროპორციულად დაფიქსირებული, ხოლო თუ დომინანტი ობიექტი მაღალი ფანჯრებია ან იატაკზე დასადგამი უზარმაზარი საათი, მაშინ კამერა შედარებით მაღლა უნდა დააყენოთ.

არ მოგერიდოთ და არ დაგეზაროთ გადასაღები წერტილებისა და კუთხეების ცვლა. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი სტანდარტული კარგი არაა და ძირითად შემთხვევაში, მოსაწყენიცაა.

ფერი და ტემპერატურა

თეთრის ბალანსი უნდა დააყენოთ კელვინების მიხედვით. ავტოზე ნუ გადაიღებთ, თორემ ნებისმიერი ცვლილება და ფანჯრიდან შემოპარული შუქის დოზა ფერს თავიდან გასასწორებელს გაგიხდით.

დამუშავებისას ბალანსი მაინც გასასწროებელი გექნებათ, შემდეგ კი, იმ არასასურველი ზედმეტი ტონის მოხსნა მოგიწევთ, რომელსაც ყვითელი ან ნებისმიერი სხვა განათება აყოლებს (Remove color cast მოძებნეთ Youtube-ზე და ძალიან მარტივად ისწავლით ამის გაკეთებს Lightroom-სა და Photoshop-ში.)

იკითხეთ, ან თავად აღმოაჩინეთ რომელ განათებაზე, დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე კარგი შუქი და ჩრდილები და მიეძალეთ.

თუ გსურთ, ინტერიერის ხელოვნური განათება გამოაჩინოთ და თან ფანჯრებს მიღმა სრული სიბნელე ან გადანათებული სივრცე არ გქონდეთ, მაშინ უნდა დაელოდოთ იმ ჯადოსნურ საათს, როცა ღამდება ან თენდება და როცა ცას ნაზი იისფერი დაჰკრავს. გახსოვდეთ, ეს პერიოდი დიდი ხანი არ გრძელდება და მაქსიმალურად სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

დამუშავება

როგორც გითხარით, უნდა გადაიღოთ RAW ფორმატში. ამ შემთხვევაში ადვილად გაასწორებთ ფერს, ამოსწევთ ბნელ ადგილებს, გაანეიტრალებთ გადამწვარ/გადანათებულ ნაწილებს და ასევე მარტივად გაასწორებთ დეფორმაციას. მარტივად მოაშორებთ ქრომატულ აბერაციას, რომელსაც რამდენიმე რჩეული ვაჟკაცი ლინზის გარდა, ყველა ობიექტივი აყოლებს.

აუცილებლად დაარეგულირეთ სიმკვეთრე და ‘მასქინგით’ არასასურველი რაოდენობა მოშალეთ.

ცხოვრებას გაგიადვილებთ Adjustment brush და Graduated filter ინსტრუმენტები, რომლებიც ფოტოშოპის RAW რედაქტორის ზედა პანელშია მოცემული. ისინი მარტივი „მასქინგის“ საშუალებით ლოკალურად, კონკრეტულ ადგილებზე დაგეხმარებიან განათების ან ფერის გასწორებაში.

Adjustment brush-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, განათება ხელით დახატოთ და ფოტოს მეტი დრამატიზმი  შესძინოთ. ან სრულიად ბრტყელ სიტუაციაში, ფანჯრიდან შემომავალი ოქროსფერი შუქი გამოიგონოთ, რომელიც ფოტოს ასჯერ უფრო გააცოცხლებს და გადაარჩენს წაშლისგან.

არ დაგეზაროთ ფოტოს RAW Editor-იდან ფოტოშოპში გადატანა და კონკრეტული დეტალების გასწორება. ზოგ ხაზს RAW რედაქტორი ვერ უმკალვდება და Skew & Distort -ის საშუალებით, ხელით უნდა გაასწოროთ კუთხეები. ან შეიძლება ფერის გამო ჩავარდნილი დივნის ან რაიმე მსგავსის კალმით მონიშვნა და Blending-ის საშუალებით მისი ტექსტურის შეცვლა დაგჭირდეთ.

არ დაამახინჯოთ პერსპექტივის, განათების, ფერისა და ტექსტურების რეალობა  რადიკალური ცვლილებით. გახსოვდეთ, რომ არქიტექტურა არის ფაქტი, რომელიც ისეთი უნდა აღბეჭდოთ, როგორიც არის. თუ ამას არ ეთანხმებით, ფუნჯები, საღებავები და მოლბერტი „დაითრიეთ“ და ისე მიდით ობიექტზე.

ფაილები შეინახეთ TIFF და JPG/JPEG ფორმატში. TIFF-ში იმიტომ, რომ შეიძლება დასაბეჭდად დაგჭირდეთ. JPG კი გადასაგზავნად ბევრად უფრო მარტივი და მსუბუქია.

არაფერი გვითქვამს ფასადის გადაღებაზე. ეს დამოუკიდებელი, ვრცელი საკითხია და ცალკე სტატიას მოითხოვს. ისევე როგორც ფოტოგრაფიის შედარებით “ედვანსდ” საფეხურს. ამ სტატიას კი, იმედია, შემდეგში დავწერ.

ალექსანდრე ბაგრატიონი-დავითაშვილი

© 2017 ALEXANDER BAGRATIONI-DAVIDOFF
საავტორო უფლებები დაცულია! აკრძალულია მასალების გადაბეჭდვა და გავრცელება ავტორთან/ფოტოგრაფთან შეთანხმებისა გარეშე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *