საქორწილო ფოტოგრაფია

ავტორი • 19/04/2017 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)1100


წინა სტატიებში ფოტოესეს მეგობრებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება ფოტოჟურნალისტიკაში და ‘ფუდ’ ფოტოგრაფიაში, ამ სტატიით კი გვინდა, ფოტოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო და საკმაოდ რთული ჟანრი გაგაცნოთ, ჟანრი რომელიც ფოტოგრაფიის ბევრი სხვადასხვა მიმართულების სინთეზს წარმოადგენს – საქორწილო ფოტოგრაფია.

ვრცლად ამ ჟანრზე ფოტოესეს კიდევ ერთი მეგობარი, ალექს აფციაური ისაუბრებს.

რა არის საქორწილო ფოტოგრაფია? ისეთივე ხელოვნება როგორიც მოდის, კონცეპტუალური, დოკუმენტური, პორტრეტის და სხვა ჟანრის ფოტოგრაფია თუ უბრალოდ თავის რჩენის საშუალება?

ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო, ფოტოგრაფების უმრავლესობა ქორწილს უბრალოდ შემოსავლის წყაროდ აღიქვამს. ბევრი ამ ჟანრს საერთოდ არ თვლის ფოტოგრაფიად, სასაცილოდ მიაჩნიათ და ჰგონიათ რომ მთავარი კარგი ფოტოაპარატი და “ჩაჩხაკუნების” ცოდნაა.

სინამდვილეში ქორწილის გადაღება ისეთივე ხელოვნებაა და ისეთივე რთული გადასაღებია როგორიც სხვა დანარჩენი ჟანრები.

უფრო მეტიც, ეს არის ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრების სინთეზი. ქორწილის გადაღებისას უნდა იყო სწრაფი, მობილიზებული, გქონდეს კადრების დაჭერის უნარი , რეპორტაჟს საინტერესოდ უნდა აწყობდე, პორტრეტს ისევე უნდა ქმნიდე როგორც ამას პორტრეტის ფოტოგრაფი აკეთებს, გრძნობდე ემოციებს, სიტუაციას, სხვის სიყვარულს და ბედნიერებას.

ქორწილის გადაღებისას უნდა შეგეძლოს ადამიანის ხასიათის შესწავლა. ზოგ წყვილს საერთოდ არ უყვარს კამერასთან მუშაობა, ზოგი პირიქით გიჟდება პოზირებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ორივე კატეგორიას თანაბრად კარგი ფოტოები გადავუღოთ.

დილიდანვე, როდესაც გადაღებას ვიწყებთ, ვართ ყველაზე აქტიურები და პოზიტიურები, რადგან მათი კარგი განწყობა, გახსნა კამერასთან და კომპლექსების მოხსნა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ისინი ამ დღეს ყველაზე გონებაგაფანტულები და ემოციურები არიან. ნერვიულობენ ყველა მცირედ დეტალზე და შესაძლოა სრულიად გადაავიწყდეთ ფოტოების გადაღება, ამიტომ უნდა შეგვეძლოს მათი ემოციების მართვა, მოვაგვარებინოთ თავიანთი “დიდი” პრობლემები მარტივად და მხოლოდ მაშინ გამოგვივა ყველაფერი კარგად.

ამის ფონზე არის ერთი პრობლემა რასაც ქორწილის ფოტოგრაფები ხშირად ვაწყდებით. ეს არის სტუმრების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელიც არც თუ ისე კარგია. ისინი „ჩაგვაჩხაკუნე, ჩაგვაკარტოჩკე“, „ფირი ხო არ გიმთავრდება შენი რა მიდის“, „ერთი ჩვენკენაც გადაიღე რა“ და მზგავსი ფრაზებით გვაწუხებენ და გვიქმნიან დისკომფორტს. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს რომ ფოტოგრაფი წყვილზე მუშაობს და არა სტუმრებზე. ვერც იმას ხვდებიან რომ ამით ხელს გვიშლიან მუშაობაში. თუმცაღა თუ ფოტოგრაფი ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალია, ეს მცირედი პრობლემები ხელს ვერ შეუშლის კარგი მასალის მოგროვებაში.

ამ მოგროვებული მასალის გადარჩევის შემდეგ, პუბლიკამდე სწორად და ლამაზად მიტანაში ფოტოების დამუშავება გვეხმარება. მოგეხსენებათ რედაქტირება 21 საუკუნეში ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ საკითხში ძალიან დიდ როლს თამაშობს ფოტოგრაფის გემოვნება და ფერებისადმი დამოკიდებულება. დამუშავებისას ბუნებრივობის და სიმსუბუქის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ, რადგან შესაძლოა იდეალური კადრი დავამახინჯოთ. უნდა გვახსოვდეს რომ ამით ვქმნით ქორწილის ხასიათს, რომელიც არ უნდა იყოს მომაბეზრებელი, უნდა იყოს მხოლოდ რამდენიმე ტონალობა და არ უნდა ავაჭრელოთ ერთიანი ალბომი. თუ კი ამ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მივუდგებით საკუთარ საქმეს პროფესიონალურად და აღარ ჩავთვლით ქორწილს უბრალოდ შემოსავლის წყაროდ, მაშინ ამ ჟანრის დონეც აიწევს და ხალხიც მეტად დააფასებს ჩვენს შრომას.

ავტორი ალექს აფციაური

© 2017 ALEX APTSIAURI
საავტორო უფლებები დაცულია! აკრძალულია მასალების გადაბეჭდვა და გავრცელება ავტორთან/ფოტოგრაფთან შეთანხმებისა გარეშე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *