შავ-თეთრი ფოტოგრაფია

ავტორი • 13/03/2017 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)925


გიორგი დუნდუაგიორგი დუნდუა ჟურნალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტია. 2012 წელს, ა.ბულგაკოვის სკოლის ფოტოგრაფიის კურსის დამთავრების შემდეგ, იგი დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჟანრში მუშაობს. მისი მცირე რეპორტაჟებისა და დოკუმენტური სერიული ფოტოების მთავარი თემა, ძირითადად, გენდერი, მიგრაცია, დევნილები და სხვა სოციალური პრობლემებია.

2012 წელს, გიორგი პროექტ Golden Camera-ს გამარჯვებული გახდა; ასევე მონაწილეობა მიიღო მალტის საერთაშორისო ფოტოფესტივალში, სადაც მეორე ხარისხის ჯილდო გადასცეს. არაერთი ფოტოკონკურსის წარმატებული მონაწილე, ამჟამად სხვადასხვა ორგანიზაციასა და ჟურნალთან თანამშრომლობს.

 სტატიაში გიორგი ფოტოგრაფიაში თავის გამოცდილებაზე, შავ-თეთრ ფოტოგრაფიასა და ინსპირაციაზე საუბრობს.

“ყველაფერს მაინც მსურს ორი ფერით შევხედო”

ეპოქა, როცა ფოტოგრაფებს სხვა გზა არ ჰქონდათ და მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოები უნდა გადაეღოთ დასრულდა, თუმცა შავ-თეთრი ფოტოები დღესაც საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ქუჩის ფოტოგრაფიაში.

დღემდე უცნობია ის საერთო კრიტერიუმი, რატომ ანიჭებს ფოტოგრაფების ნაწილი უპირატესობას შავ-თეთრ გამოსახულებას, განსაკუთრებით ფირის ტექნიკას, როცა თანამედროვე ტექნიკა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტოები და გრაფიკული რედაქტორების წყალობით მივიღოთ უამრავი სხვადასხვა ფერის ეფექტი, თუმცა როგორც სხვა ფოტოგრაფები აღნიშნავენ და მეც მსურს დავეთანხმო, შავ-თეთრი პირდაპირ მიემართება ადამიანის ემოციებს, განცდებს, ღრმა და უფრო მრავლისმეტყველი ხდება ფოტო. აგრეთვე ყურადღება გადადის არა ვიზუალურ ასპექტზე, როგორც ეს ფერადი ფოტოს შემთხვევაში ხდება, არამედ მის შინაარსზე, რომელიც მნახველმა თითოეულ პიქსელში უნდა ამოიკითხოს. ტედ გრანტს აქვს ერთი ასეთი საინტერესო ფრაზა, არ ვიცი რამდენად ზუსტად მახსოვს,

“ფერადი ფოტოს გადაღებისას ძირითად აქცენტს ვაკეთებთ უფრო ტანისამოსზე, მაგრამ შავ-თეთრი ფოტოთი ვიჭრებით ადამიანის სულში”

. ვიტყოდი, არა მარტო ადამიანის სულში.

ძალიან საინტერესოა თვითონ შავ-თეთრი ფერის სემიოტიკაც. თეთრი როგორც წესი მიჩნეულია სისადავისა და სიხარულის სიმბოლოდ, შავი პირიქით, სიმკაცრის, ნეგატივის, გლოვის – ზუსტად ასეთივე ასოციაციაა, რაღაც გარდამავალი სიმკაცრეს, ტკივილსა და სისადავეს, სიხარულს შორის. მეორე მხრივ, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ფოტოს შინაარსს. ზუსტად ის განსაზღვრავს შავ-თეთრ ფოტოში საით წავა მნახველის თვალი და გონება, რა განცდა დაეუფლება მას ფოტოს ნახვისას.

შავ-თეთრი ფოტოგრაფიისადმი ჩემს ინტერესს საფუძვლად უდევს სწორედ ის პერიოდი, როცა დავინტერესდი ზოგადად ფოტოგრაფიით. სახლის კარადა ინახავდა ბაბუაჩემის და მამის ფოტოკოლექციას, რომლებშიც ფერადი ფოტოები არ გვხვდება. ეს ფოტოები დღემდე სიძველის, ისტორიის ასოციაციას მიჩენს და ამით უფრო მიმზიდველი ხდება ჩემთვის. მამას ჰქონდა ხელით გასამჟღავნებელი საშუალებები, დღემდე აღიარებს, რომ ძალიან რთული პროცესი იყო ფირისგან ფოტოს მიღება, თუმცა მუდმივად იმას მიუთითებს, რომ რაგინდ ცუდი ტექნიკა გქონდეს, ყველაფერი მაინც ფოტოგრაფზეა დამოკიდებული.

შავი და თეთრი – ეს ორი ფერი საშუალებას მაძლევს ობიექტური ვიყო არა მხოლოდ მოვლენის აღწერის პროცესში, არამედ პირადი მოთხოვნილებების მხრივაც. ფოტოების დიდი ნაწილი რომანტიზმით იკვებება, რომელსაც სამწუხაროდ ფერად ფოტოსთან ვერ ვაკავშირებ. ის ნოსტალგია, რომელიც დიდ ქალაქში გადმოსახლების პერიოდიდან მომყვება რატომღაც შავ-თეთრია. ფერადი არ მახსოვს ის გარემო, რომელშიც ბავშვობაში ვიზრდებოდი. დატვირთული იყო ათასი გაჭირვებით, სევდით და ტკივილით. ამ განცდებს უფრო სიცივეში, უფრო უფერულ სამყაროში გადავყავარ, თუმცა ეს სამყარო ვერ ვიტყვი, რომ არ არის მიმზიდველი. ასე რომ იყოს, არ გადავიღებდი.

რაც შეეხება იმ შინაარსს, რომელსაც ავსახავ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებისას, ჩემს ყურადღებას იქცევა რამდენიმე სხვადასხვა თემა, რომელსაც სხვადასხვა აურა აქვს.  გავიზარდე ქალაქ ფოთში, რომლის ქალაქის სტატუსი სულ ეჭვით მავსებდა, რადგან მეგონა პატარა სოფელი, რომელიც ჩემი მაღალმთიანი სოფლისგან განსხვავებით უფრო დაბლობზე მდებარეობდა. ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობა და ამ პერიოდს დღემდე საუკეთესოდ მივიჩნევ ცხოვრებაში. მოკლედ, რასაც ფერადი ობიექტივიდან ვეძებ და ვცდილობ შავ-თეთრად ვაქციო (ეს პროცესიც უკვე ცოტათი მეთაკილება, რის გამოც ხშირად ვიყენებ ძველი ფირის ტექნიკას) არის ტრადიციული რურალური გარემო – მთელი თავისი პრობლემებითა და ღირსება-ნაკლით. ეს პროცესი მხოლოდ ჩემს მშობლიურ ქალაქსა და სოფელში არ ხდება, შეძლებისდაგვარად ვმოგზაურობ სხვადასხვა ადგილას. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიწევდა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ვიკვლევდით ადგილობრივ პრობლემებს და ხალხთან ურთიერთობის გამოცდილებამ ძალიან გამიღრმავა ინტერესი, იმ პერიოდშიც ვცდილობდი ამესახა სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა თემები. მაინტერესებს გენდერული თემები. რეგიონებში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა. ბოლო გამოფენა, რომელიც გავაკეთე სწორედ გენდერის თემას ეხებოდა. ფოტოისტორიებში მაქსიმალურად ვეცადე მომეთხრო იმ ქალებზე, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, წარმომეჩინა მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალადობის პრობლემის მიმართ, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალთა და გოგონათა გაძლიერების მიზნით წამოვიწყე და ამ რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში გამოფენების სახით დასრულდება, კვლავ გენდერულ თემატიკას უკავშრიდება. ამ ფოტოისტორიებს უფრო ქალთა მამოტივირებელი და გამაძლიერებელი ფუნქცია აქვს, რადგან ვეცადე სხვადასხვა ძლიერი და ლიდერი ქალის ფოტოისტორიით წარმომეჩინა, როგორ ამსხვრევენ ქალები სტერეოტიპებს, როგორია რეალიზებული ქალის ცხოვრება, რამაც ვფიქრობ, პოზიტიურად უნდა იმოქმედოს სამიზნე ჯგუფზე. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ფოტოგრაფთა მიერ დღეს ხდება თემების გადაფარვა, ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იღებს ამ თემას და ვფიქრობ, რაც მეტი ადამიანი ეცდება განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინოს ერთი თემა, მისასალმებელია. გასულ წელს, როცა პირველად დავიწყე ამ საკითხის ობიექტივით შესწავლა, ვხვდებოდი, რომ რაღაც მაკლდა და გადავწყვიტე ფოტოების კოლექციის ფინალი ყოფილიყო ფოტოგამოფენა, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ვიზუალური ფორმით. ფოტოგამოფენა შედგა აუდიო ინსტალაციის გამოყენებით, რომელშიც ჩაწერილი იყო ჩემი ფოტოგმირების ისტორია. რატომღაც მეგონა, რომ მნახველი ასე უფრო დაუახლოვდებოდა თემას და მგონი გაჭრა კიდეც. მივიღე მეორე შემოთავაზება, ასეთივე აუდიო-ვიზუალური ტექნიკა გამოვიყენო ჩემს სხვა ფოტოპროექტზე. ჯერ-ჯერობით ფოტოებს ვიღებ მხოლოდ, გამოფენა საქართველოში არ იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ვმუშაობ ემიგრაციას ეხება. არამარტო მსურს წარმოვაჩინო ქართველი შრომითი მიგრანტების ცხოვრება, რომელიც ქართულ მედიაში ზოგადად ძალიან ცუდად, თითქმის მხოლოდ კრიმინალის დონეზე შუქდება, არამედ დაინტერესებული ვარ იძულებით გადაადგილებულთა პრობლემებით, ეკოლოგიური მიგრანტებით და შიდა პროცესებით, რისი წყალობითაც იცლება სოფლები. ამ უკანასკნელზე ვმუშაობ სერიაზე „სურვილების საზღვრები სოფლის ყოფით ცხოვრებაში“, სადაც მსურს წარმოვაჩინო ის კონტრასტი, რომლის წყალობით სოფლის მოსახლეობას მრავალფეროვანი სურვილები უჩნდებათ, ტოვებენ საცხოვრებელ გარემოს და ახალ გარემოში იწყებენ თავის დამკვიდრებას. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, შესაძლებლობა რომ მქონდეს ამ თემას ერთ დიდ წიგნს მივუძღვნიდი. რამდენიმე სამეცნიერო კვლევისა და მეზობელ თურქეთში მოგზაურობის ფარგლებში შევძელი დავახლოვებოდი ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში არალეგალურად მუშაობენ. მათი ნარატივი ძალიან დამთრგუნველია. ეს ამბები არსად არ არსებობს, არავინ წერს და არც არავინ ასახავს, რაც ძალიან ცუდია. ერთგვარი წითელი სიგნალი კი აუცილებელია. მაშინ, როცა ვიცოდი, როგორ ცხოვრობდნენ ქართველები უცხოეთში, როგორ შრომობდნენ დღიური პურის საშოვნელად საკუთარი ოჯახის მაგალითზე, გააზრებული მქონდა ეს ტკივილი, ყველაზე მეტად მინდოდა სწორედ ამ ადამიანების დამახსოვრება კადრში.

2013-2016 წლებში რამდენჯერმე ვიყავი მეზობელ თურქეთში და რამდენიმე კვირას ვცხოვრობდი ქართველ ახალგაზრდებთან. ვნახე, როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მიწისქვეშ, დახშულ, არალეგალურად შექმნილ სივრცეში, მტვერსა და ბუღში, სადაც არავინ იცის, როდის მივლენ და დააკავებენ. შეუძლებელია ამ გაჭირვებას შორიდან უყურებდე და თუნდაც სულაც არ გაინტერესებდეს ფოტოგრაფია, დღის სინათლეზე არ გამოიტანო, როგორ ცხოვრობს ათასობით, ან იქნებ მილიონობით ემიგრანტი თავისი ქვეყნის საზღვრებიდან შორს. მიუხედავად იმისა, რომ იქ გადაღება აკრძალულია, ძალიან ბევრი ტყუილის თქმა დამჭირდა, რომ მათთან მეცხოვრა. ამ თემას წელსაც ვაგრძელებ. მსურს ასევე ვესტუმრო საბერძნეთსა და იტალიას, სადაც აგრეთვე ძალიან დიდი ტვირთი აწევთ ჩვენს „კუნთოვან ემიგრანტებს“, რომელთა შორის მე თავის დროზე ინტელიგენციაც დავინახე. ადამიანები, რომლებსაც 2-3 დიპლომი თან დააქვთ, იქნებ უცხოეთში მაინც დაინტერესდეს ვინმეო, მაგრამ მუშაობენ ოჯახში დამლაგებლებად ან მოხუცების მომვლელებად.

მას შემდეგ რაც დავიწყე შავ-თეთრი ფოტოგრაფების შესწავლა, დღეს ნებისმიერ ფოტოგრაფს ამის დიდი არსენალი აქვს ასობით სოციალური სისტემის დახმარებით, მათგან ვიღებ რჩევებს, ზოგიერთისგან იდეასაც კი, რომელიც ქართულ რეალობას შედარებით ეხმიანება. ვფიქრობ, ფოტოგრაფს ჩვეულებრივი მკვლევარისგან ბევრი არაფერი განარჩევს. თუ სიღრმისეულად არ იცი საკითხი, არ გაქვს გააზრებული პრობლემის მნიშვნელობა-გავლენა შენი პროდუქტიც ძალიან თუ არა, უსუსურია. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ ფოტოები ვაქციოთ არა განყენებული ნაწილი, ნაწყვეტი სამაყროდან, არამედ წარმოვაჩინოთ ის ორგანული მთლიანობა, რაც საკითხის შესწავლისთვის საჭირო ყველა რესურსს მოგვცემს. მაგალითად, როცა ვიღებთ ადამიანს, რომელიც არის მწყემსი და ყოველდღიურად მწყემსავს საქონელს სადღაც, საინტერესო იქნება არა მარტო ამ ადამიანის პორტრეტი, არამედ მისი სახლი, სამუშაო სივრცე, სამუშაო იარაღები (დეტალები), როგორია მისი არა როგორც მწყემსის, არამედ როგორც ადამიანის ცხოვრება. და ბოლოს, მნიშვნელოვანია ისე შეიკრას ეს დეტალები, რომ მნახველს არ გაუჭირდეს საერთო სურათის კონსტრუქცია.

ავტორი/ფოტოგრაფი: გიორგი დუნდუა

© გიორგი დუნდუა

საავტორო უფლებები დაცულია! აკრძალულია მასალების გადაბეჭდვა და გავრცელება ავტორთან შეთანხმების გარეშე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *