გვ.12

ავტორი • 29/01/2017 • ესეკომენტარი (0)451

ქალაქი მთებშია მომწყვდეული. მე და არია თავქვე ვეშვებით და სახლებს ვუახლოვდებით, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივდივართ, სახლებში შუქი მით უფრო ქვრება. არია ყეფს და  მირბის.

მარტო ვრჩები.

ქალაქი არაა ცარიელი. არც ბნელია, როგორც ჩანდა. ისე შევდივარ, თითქოს დიდიხანია აქ ვცხოვრობდე. თითქოს არსადაც არ წავსულვარ.

შევედი.

ქალაქი მთებს შორისაა მომწყვდეული. და როგორც ყოველთვის, დაბრუნებისას, მემართება, ვერ გადამიწყვეტია, მე ვივიწყებ, ასე, ამ ქალაქს, თუ მართლა იცვლება.

არიას ვეძებ. მერე მინდება, რომ სახლში რაც შეიძლება გვიან მივიდე, გამთენიისას, უკანა ეზოში დავჯდე და წიგნი წავიკითხო. ხის ძირას დამარხული წიგნი. გათენდეს კიდეც, მერე ჩაი დავლიო და დასაძინებლად დავწვე. ამიტომ, სახლში არ წავალ.

მანამდე, ქალაქის იმ მხარეს მივდივარ, სადაც ძველი პარკია. მთავარ შესასვლელთან ალბათ ისევ ისმის დომინოს ხმა. მარჯვნივ, სადაც ხეებია და მარცხნივ, სადაც „ამერიკული გორკებია“, ჩემი ნაცნობი კაცები დგანან.

მე მათ ვიცნობდი; ისინი ხშირად მოდიოდნენ და ნახულობდნენ. მოდიოდნენ მაშინ, როცა ავადმყოფობისგან, აღარ ლაპარაკობდა, პირში წყალს  იგუბებდა. მათ დანახვაზე თავს ოდნავ ხრიდა. მახსოვს, როგორ დავდიოდი  კაცებს შორის, რომლებიც ისხდნენ და პურის ნამცეცებმოყრილ იატაკს უყურებდნენ.  ისინი მოვიდნენ მაშინაც, როცა ორმა პოლიციელმა სასწრაფოდ მომაწერინა ხელი მის გარდაცვალებაზე. ის კაცები, იყვნენ ყოველთვის, სანამ მე ამ ქალაქში ვიყავი. ამიტომ მძულს, ალბათ ყველა.

„ქალაქი მთებშია მომწყვდეული,“ – მითხრა და მოკვდა.

კაცებს გვერდს ავუვლი, ვფიქრობ. მერე ,,ამერიკულ გორკებზე“ დავჯდები და იქიდან რომ ჩამოვალ, სირბილით გავიქცევი სახლისკენ, არია უკვე მელოდება.

ან პირდაპირ გორკებზე ავალ. იქიდან ჩანს ჩემი სახლი. სახლის სახურავზე გადატეხილი გემის ანძასავით ერთადერთი ფიგურაღა ჩანს.

**

სახლისკენ ისე მივდივარ, თვალწინ განათებული, ყვითელ შუქში ამოვლებული კაცის ფიგურა მიდგას. არია მელოდება.

**

და როგორც ფინალურ სცენაშია, მე ძველი კარადიდან წიგნს ვიღებ და საყვარელ ადგილას ვფურცლავ. ახლა პიტერ პენი ლონდონში ჩავიდა. საკუთარი ჩრდილის მოსაძებნად. ჩემი ქალაქი კი, ორ მთას შორის იჭყლიტება.

წარწერა მე–12 გვერდზე:  „ძებნა არ შეწყვიტო, გაიღვიძე.“

ავტორი თაკო ფოლადაშვილი

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *