ფოტოჟურნალისტიკა

ავტორი • 25/10/2016 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)844


მოგეხსენებათ, ფოტოგრაფია უამრავ ჟანრს ითვლის. კონკრეტულად ყველას ჩამოთვლას თუ დავიწყებთ, ძალიან დიდი ხანი მოვუნდებით. ჩვენი ახალი რუბრიკის, “ყველაფერი ფოტოგრაფიის შესახებ”-ის მეშვეობით, ფოტოესეს ფოტოგრაფი მეგობრები საკუთარ გამოცდილებაზე მოგვიყვებიან.

წინა სტატიაში, თქვენ უკვე გაიცანით ფოტოგრაფი დათო ქორიძე, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა მობილურ ფოტოგრაფიაში. ამ კონკრეტულ სტატიაში კი, გვინდა ფოტოჟურნალისტიკაზე გესაუბროთ. ფოტოჟურნალისტიკა – ფოტოგრაფიის ჟანრი, რომელიც სამართლიანად ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჟანრად ითვლება. ფოტოჟურნალისიკა ფოტოგრაფისგან განსაკუთრებულ თვისებებს მოითხოვს – ნიჭს, წამში შექმნას ფოტო რომელიც სტატიაზე და სიტყვებზე უფრო ინფორმატიული და მეტყველი იქნება. ვრცლად, თემაზე ფოტოჟურნალისტი და ფოტოესეს ერთგული მეგობარი, გიორგი გოგუა მოგიყვებათ.

8 რამ, რაც გამომადგა ფოტოჟურნალისტიკაში

შემეძლო თხრობა დამეწყო იმაზე ლაპარაკით, რამდენად რთული პროფესიაა ფოტოჟურნალისტიკა და რამდენი მუშაობა სჭირდება და ა.შ., მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ, უფრო რთული პროფესიებიც არსებობს, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ხელში კამერა აიღო და ყველაფერი მარტივად გამოგივიდეს. უკვე, დაახლოებით 5 წელია, ფოტოგრაფიას და ჟურნალისტიკას ერთმანეთს ვუთავსებ და ამ ხნის განმავლობაში დაშვებულმა ათასმა შეცდომამ და მიღებულმა რჩევებმა ცოტა გამოცდილება დამიგროვა. ჰოდა ამ გამოცდილებას რამდენიმე მოკლე პუნქტდად ჩამოვწერ.

1-george-gogua-the-beauty-of-soviet-architecture-photo-projectThe Beauty of Soviet Architecture

1. იცოდე, რა გინდა

შეიძლება, ცოტა ზოგადად მოგეჩვენოთ, მაგრამ ალბათ ეს არის დასაწყისი. ფოტოგრაფიაში ბევრი ჟანრია, დაწყებული კონცეპტუალური ფოტოგრაფიით, დამთავრებული რა ვიცი, საერთოდ, რით. რა თქმა უნდა, არავინ გიშლით, შეუთავსოთ ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ ყოველთვის არის ჟანრი, რომელშიც თავს უკეთ გრძნობთ. და თუ ეს ჟანრი ფოტოჟურნალისტიკაა, ძალიანაც კარგი.

2-george-gogua-pankisi-gorgeპანკისის ხეობა

2. იცოდე ყველაფერი, იცნობდე ყველას

ფოტოჟურნალისტი მთხრობელია. ჩვენ უბრალოდ გარემოს კი არ ვაფიქსირებთ, არამედ ვყვებით ამბავსაც. ვყვებით სიტყვებით. მარტივად, რომ ვთქვათ, ვწერთ. ამიტომაც, აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინცაა, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც ან ვისაც ვიღებთ.

3-george-gogua-georgian-iezidies-rally-in-front-of-the-parliamentქართველი იეზიდების აქცია პარლამენტის შენობასთან.

3. დაგეგმე

„ამას ხომ ისედაც ყოველთვის ვაკეთებ“ – მილიარდჯერ მიაინც მითქვამს ჩემი თავისთვის, მაგრამ შემდეგ აღმოჩენილა, რომ გადაღების ადგილზე მისვლისას ან მეხსიერების ბარათი მაქვს გადავსებული ფოტოებით, რომლებიც კომპიუტერში ჯერ არ შემიყრია; დამჯდარია ელემენტი, არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ  დატენილი მქონდა, ან უბრალოდ მაცვია ადგილთან ან ამინდთან სრულიად შეუსაბამოდ.

4-george-gogua-euromaidanევრომაიდანი

4. ჩაიცვი

წინა პუნქტში კი ვახსენე და ერთი შეხედვით, სასაცილოც კი ჩანს – აბა ვინ დადის გარეთ ტიტველი? რა თქმა უნდა, მაცვია! – მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც 2014 წელს კიევში ევრომაიდნის გადასაღებად მიმავალი ვიძახდი, რად მინდა შარვლის ქვეშ რეიტუზი, მუშაობაში გავხურდები მეთქი და ჩასულზე რომ მუხლებში სითხე გამეყინა, პირველსავე მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე რაღაც ირმებიანი უბედურება. მოკლედ, უყურეთ ამინდის პროგნოზს.

5-george-gogua-kabul-afghanistanქაბული, ავღანეთი.

5. შეეშვი ოცნებას ომზე

ყველა ფოტოჟურნალისტს, მას შემდეგ რაც კამერას ხელში ავიღებთ, გვინდა, მოვხვდეთ კონფლიქტის ზონაში, იქ გადავიღოთ სულისშემძვრელი ფოტოები, რაც რაღა თქმა უნდა, პულიცერს თუ არა, ევროკავშირის პრიზს მაინც მოგვაგებინებს ფოგოგრაფიაში. აქ ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ, იპოვეთ ფოტოგრაფი, რომელსაც ომი გადაუღია და ჰკითხეთ რჩევა.

6-george-gogua-17-may-2013-idahotIDAHOT. 17 მაისი, 2013.

6. ეძებე იქ, სადაც არავინ ეძებს

ხანდახან ყველაზე საინტერესო კადრი იქაა, საითაც არცერთი კამერა არ იყურება. ანუ მოვლენების ეპიცენტრს მიღმა. ნუ იფიქრებთ, რომ რადგან რამეს ირგვლივ ყველა კამერა იღებს, თქვენც აუცილებლად იქ უნდა იყოთ. უბრალოდ გაიხედ-გამოიხედეთ, დიდი შანსია მაგ სიგიჟის მიღმა ისეთი კადრი შეგხვდეთ, რომელიც მარტო თქვენ გექნებათ და სხვას არავის.

0-george-gogua-17-may-2013-idahotIDAHOT. 17 მაისი, 2013.

7. გაიზიარე გამოცდილება

არცოდნა არ ტეხავს. ჩვენ ყველა ვიწყებთ მუშაობას რაღაც წერტილიდან და ალბათ ვიღაცებთან შედარებით ყოველთვის დამწყებები ვიქნებით. ამიტომ ნუ მოგერიდებათ და ჰკითხეთ რჩევები თქვენზე გამოცდილ ხალხს, დააკვირდით როგორ მუშაობენ. არცერთი ნორმალური ტიპი არ გეტყვით უარს გამოცდილების გაზიარებაზე. არანორმალური ტიპები კიდევ რაში გჭირდებათ. ან კიდევ, ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტი არსებობს და მუდმივად ათვალიერეთ სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები, თვალი ადევნეთ ფოტო სააგენტოებს. შთაგონება მნიშვნელოვანია.

8-george-gogua-mobile-photography

8. მთავარია როგორ და არა რით – ანუ ზომას არ აქვს მნიშვნელობა

ეს ფრაზა ალბათ ისაა, რასაც ყველა ფოტოგრაფი ცხოვრებასი მილიონჯერ ისმენს და ამბობს, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რაც კი ვინმეს ამ კუთხით მოუცია.

კარგი კამერის ქონა კარგია, მაგრამ მისმა არქონამ არ უნდა შეგიშალოთ მუშაობაში. დღეს ყველას ჯიბეში უდევს იმაზე ბევრად უკეთესი კამერა, ვიდრე ალბათ გასულ საუკუნეში ჰქონდა ნებისმიერ (ძალიან კარგ) ფოტოგრაფს – ტელეფონი. ხანდახან ეგ ტელეფონი იმაზე უფრო კომფორტულია, ვიდრე მძიმე კამერა უზარმაზარი ლინზით. უბრალოდ, იარეთ და გადაიღეთ, გამოიყენეთ კომუნიკაციის ყველა საშუალება, რომ თქვენი ფოტოები რაც შეილება დიდ აუდიტორიას მიაწოდოთ და ცოტახანში იმ საოცნებო კამერასაც აუცილებლად იყიდით.

გიორგი გოგუა

“რადიო თავისუფლება”,
MyAngle დამფუძნებელი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *