მშვენიერი, როგორც აგური პოლიციელის სახეზე

ავტორი • 24/10/2016 • The Clarionკომენტარი (0)1450


მშვენიერი, როგორც აგური პოლიციელის სახეზე

სტრიტ-არტი (ქუჩის ხელოვნება) ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და მკაფიოდ გამოხატული ურბანული ხასიათით გამოირჩევა. ქუჩის ხელოვნება ტრადიციული სახელოვნებო სივრცის კონტექსტს მიღმაა – მისი ადგილი საჯარო სივრცეშია და მას ხშირად  „ურბანულ ხელოვნებას“ ან „პარტიზანულ ხელოვნებას“ უწოდებენ.

სტრიტ არტი ძლევამოსილი იარაღია პუბლიკისთვის ხმის მისაწვდენად. სტრიტ არტისტების მოტივაცია კი იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი სტრიტ არტისტიც დედამიწაზეა – ზოგისთვის ეს სოციალურ-პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევაა, ზოგიც, მარტივად, ურბანულ სივრცეს ხელშეუხებელ ტილოდ აღიქვამს პერსონალური ნამუშევრისთვის; სხვები, შესაძლოა, იმ გამოწვევებსა და რისკებზე ხურდებოდნენ, როგორიც კანონის დარღვევაა. როგორც არ უნდა იყოს,  ქუჩის ხელოვნება ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ხელოვანს, მიწვდეს ფართო აუდიტორიას.

სტრიტ არტისტები ჩამვლელთა ფიქრებს ქალაქის კედლებზე აშხეფებენ – ქუჩის ხელოვნების ძირითადი იდეა სოციალური პროტესტია, იგი გარიყული ჯგუფების და საზოგადოების ხმაა. როგორც ჰანტერ ს. ტომპსონი იტყოდა, იგი „მშვენიერია, როგორც აგური პოლიციელის სახეზე“. სტრიტ არტი აკრიტიკებს და უპირისპირდება სამომხმარებლო კულტურას, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დროთა განმავლობაში თვითონაც მისი ნაწილი გახდა.

ქუჩის ხელოვნება, საზოგადოების თავისებურებებისა და პრობლემების შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ შინაარსს იძენს. დიდი ხანი არ არის, რაც ამ მიმდინარეობამ საქართველოში ფეხი მოიკიდა, მიუხედავად ამისა, თბილისის ქუჩებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში ყოველდღე ვაწყდებით ქუჩის ხელოვნების ახალ-ახალ ნიმუშებს. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სტრიტ-არტის კეთება საქართველოში, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება და რას მიიჩნევენ სტრიტ-არტის მთავარ ფუნქციად თავად ხელოვანები – ამის შესახებ ხუთი ქართველი სტრიტ არტისტის ხუთ განსხვავებულ აზრს წაიკითხავთ.


GAGOSH
გიორგი გაგოშიძე

img_2065

ხელოვნება ყოველთვის იყო დევიაციის ფორმა. მე თუ მკითხავთ, ყველა ნამდვილი ხელოვანი ვანდალი იყო და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა – არ აქვს მნიშვნელობა ბენქსი ხატავს მოლოტოვის კოქტეილს, ფილიპ დიკი წერს გალაქტიკათშორის ტერორზე თუ ნიცშე ამბობს, ადამიანი კი არა დინამიტი ვარო – ზოგადად, ხელოვნება საშიში იარაღია და თუ იგი კარგი ხელოვანის ხელში აღმოჩნდა, იქვე გამოჩნდებიან შერიფები თუ პატრულის თანამშრომლები, რომ განაიარაღონ. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, საქართველოში სტრიტ არტი განვითარების დაბალ დონეზეა და ძირითადად დიზაინს/დეკორაციას მოიცავს. ამიტომ, რთულია, რამდენიმე მაგალითით შეაფასო საზოგადოების დამოკიდებულება.

თავის დროზე, დიდმა ბრიტანეთმა სერიოზული საფრთხე დაინახა სტრიტ არტში, როგორც კონტრკულტურულ წარმონაქმნში და ყველანაირად ცდილობდა ქუჩის ხელოვნება კომერციად ექცია – ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, დღემდე არცერთი რევოლუცია არ დაწყებულა სტრიტ არტით და რეალურად, ვინც კი მნიშვნელოვანი ქუჩის არტისტი იყო, გალერიაში შევიდა. თუმცა, სისტემის წინააღმდეგ წასვლა ამ მიმდინარეობის ფუნდამენტია. ქართულ კონტექსტში ჯერ არ ყოფილა მასშტაბური პროტესტი სტრიტ არტისტებისგან, ამიტომ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე თუ რა რეაქცია ექნება სისტემას და რას დაუპირისპირებს ის ხელოვნებას.

img_2072

ფრანგი რევოლუციონერების დევიზი იყო – „ქვაფენილის ქვეშ პლაჟია“. ჩემთვის სტრიტ არტი ზუსტად მაგ ქვაფენილიდან ამოგდებული პირველი ფილაა, რომელსაც სისტემას ესვრი. რა თქმა უნდა, ფილის სროლა, როგორც დესტრუქციული აქტი – უმნიშვნელოა, თუმცა, ამით საზოგადოება ხედავს იმ პლაჟს, რომელიც ფილის ქვეშ გამოჩნდა. სტრიტ არტი სწორედ ეს არის – დაანახო ხალხს ალტერნატიული გზა. დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტონ.

არტისტზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებს შეინარჩუნოს კონცეპტი და ვიზუალი. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია, მაგალითად, ავიღოთ ტაჯ-მაჰალი, რა უფრო მიმზიდველია, მისი არქიტექტურული შარმი თუ იდეა, რის გამოც აშენდა? რაც უფრო დახვეწილია იდეა და ვიზუალი, მით უფრო ღირებულია ნამუშევარი.

img_2120


მუსია ქებურია

musyaფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს დახვეწილ, სრულყოფილ სტრიტ არტის ფორმებთან. არ ვგულისხმობ ნაჯღაბნებს – სახელებს თუ უაზრო ფრაზებს. სირთულეებს რაც შეეხება – არავინ უწყობს ხელს, რომ ეს სფერო მეტად განვითარდეს, გახდეს უფრო მრავალფეროვანი, დაინტერესდეს მეტი ახალგაზრდა და დაიძრას პროცესი, რომელიც სტრიტ არტს საქართველოში კულტურისა და ხელოვნების ნაწილად აქცევს.

სტრიტ არტის კომერციალიზაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, ზოგი გამოხატულება შეიძლება არც ჩაითვალოს სტრიტ არტად და იყოს პირდაპირი, მშრალი რეკლამა. თუ კომერციული დაკვეთა გაძლევს საშუალებას იმუშაო თავისუფლად და არ დაკარგო სტილი, რატომაც არა. ჩემი აზრით, პირიქით, მსგავსი კომერციული დაკვეთებიც ერთგვარი ხელშეწყობა იქნება ამ სფეროსთვის. საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კომერციული დაკვეთები, თავისუფლად შეიძლება იქცეს კარგი შემოსავლის წყაროდ. ჩემთვის ნაწილობრივ ასეა – მუდმივი სამსახურის გარეთ ვიღებ თავისუფალ დაკვეთებს კედლის მხატვრობაზე, რომელსაც გარკვეული პრინციპებით ვარჩევ და ვასრულებ.  არ მგონია, რომ არტისტი და მისი შემოქმედება კომერციული დაკვეთებით შეიძლება გაფუჭდეს. თუ ხელოვანი ერთი კონკრეტული ხელწერით და მიმართულებით მიდის და დამკვეთი მიჰყვება ამ ყველაფერში – ძალიან კარგია. სხვა შემთხვევაში, ალბათ, მხატვარი არ უნდა დათანხმდეს კლიენტის მოთხოვნებს. მე, პირადად, ამ ეტაპზე კონკრეტული სტილი არ მაქვს შერჩეული, ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ვატარებ და ძიების პროცესში ვარ. ვმუშაობ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და სტილით, რაც საქმეს შედარებით მიმარტივებს. ვცდილობ, დამკვეთსაც მაქსიმალურად მოვერგო და ჩემი ინდივიდუალიზმიც მაქსიმალურად შევინარჩუნო – არ დავთმო ბოლომდე ის, რაც შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს და ა.შ.


თინა ჩერტოვა

_original

საქართველოში სტრიტ არტი დიდ ინტერესს იწვევს, საზოგადოებაც კარგად იღებს საინტერესო ნამუშევრებს. ბევრი კომპანია, ბარები, არტ კაფეები თუ ფიზიკური პირები სტრიტ არტს რეკლამისთვის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად იყენებს. სტრიტ არტისტს აქვს თავისუფლება, აირჩიოს კლიენტი და პროექტი. მათ  უმეტეს შემთხვევაში აქვთ ყოველდღიური სამუშაო და ამის შემდეგ – პირადი პროექტები.

რა თქმა უნდა, არის შეკვეთები, ძალიან საინტერესო შეკვეთებიც და გემოვნებიანი დამკვეთიც. თუ არტისტი და დამკვეთი ერთმანეთს უგებენ, საბოლოო პროდუქტი, შესაბამისად, კარგი გამოდის.

შემოდგომიდან ნელ-ნელა ქალაქში ჩემი ახალი პროექტი შემოვა, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.


გამეზა

gameza

ეს პროცესი ხომ შორეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, როცა გაუცნობიერებლად, მხოლოდ ემოციურ დონეზე, “საკუთარი გართობისთვის” ეძებ საშუალებებს – კედლებს თუ სხვა ობიექტებს, იყენებ “სუფთა ფურცლად”… სკოლა, ქუჩა, სპორტდარბაზი, ტრანსპორტი…
ქალაქი…
სამყარო…
როცა უკვე ემოციას ცოტა აზრსაც ამატებ, ყოველი იდეა “რაღაც ახალს შეიცავს” კონკრეტული მიმართულებით.. განვითარებით, გამოხმაურებით, კრიტიკით .. სხვადასხვანაირი გავლენა შეიძლება იქონიოს მნახველზე, რაც, ჩემი აზრით, არის კიდეც ზოგადად სტრიტ არტის მთავარი ხიბლი.. აღძრას & განავითაროს ფანტაზიის უკიდეგანო პოტენციალი, იყოს  მაპროვოცირებელი სიახლისადმი, გაავრცელოს ძიების, შემეცნების’ ექსპერიმენტატორობის მუხტი.

სირთულე – ბევრგან და ამ სფეროშიც ხშირად უიდეობაა… ასევე ხშირად უდროობა, სიზმარმაცე, უმუღამობა, უფულობა, უნიათობა, უ უ უ…  მაგრამ ახლო წარსულთან შედარებით
ორი’ ხუთი’ ათი საფეხურით წავიწიეთ წინ.. მრავალფეროვნებით, არტისტთა ინდივიდუალიზმით.. პროექტები, ფესტივალები, ასევე კომერციალიზაციაში ინტეგრაცია) ციაცია.. გამოყენების სფეროთა გაფართოვება, მეტი მოთხოვნა, ტრენდირება.. და ა.შ.შ. საZოგადოების დამოკიდებულებაც, ვფიქრობ, მეტი SEEმპათიით იმსჭვალება, არც ადგილობრივ არტისტთა წარმოჩენილი წარმომადგენლები არიან [ვართ] ისეთი რადიკალისტები რომ ხალხში კონფლიქტური ნოტა გავაღვივოთ – იდეის, ადგილის, მასშტაბის შერჩევისას, ამიტომ ასე შეხმატკბილებულად, თითქოს და ყველამ დარწმუნებით ვიცით რომ ძალიან მაგარ და “საკაიFო” საქმეს ვშვრებით – მივიწევთ, ვიზრდებით, გვიხარია სფერო სტრიტარტისა, თავისთავად, ძალიან მრავლისმომცველია, ფუნქციონალურ-სტილისტურად, უკანასკნელი ათიოდე წლის განმავლობაში გამოჩნდა მკაფიო და მოსაწონი, ანუ ხარისხიანი არტ’პროდუქცია, რომელიც გამოყენებადია უამრავი მიმართულებით, მათ შორის ბიზნე$ი, რეკლამა… აქედან გამომდინარე ტრენდებიც სხაპასხუპით ქმნადი და გავრცელებადია, მოდაც არის SUCKმეში, გემო-ვნება, კომუნიკაცია.. ჰო, კომუნი’კაცია ადამიანი…

ფუნქციონალურობა ერთერთი უმთავრესი ღირსებაა ‘StreetART’-ის, გარდა ზემოაღნიშნულისა, ვფიქრობ, სწორედ კომუნიკაცია, რომელიც იქმნება არტისტს და მნახველს, შემმჩნეველს შორის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციურ, მორალურ ასპექტებში, თუნდაც პიქსელისოდენა ნაპერწკლებით მაგრამ კავშირი უწყვეტი იქნება…

იქ ნება,
აქ გაგება,
იქ იდეა
აქ უკეთესი.

(რესპოდენტის სტილი უცვლელია)


მაშო მარგიშვილი

masho

Masholand-ის ყველა ნამუშევარს მხოლოდ ერთი მისია აქვს – გაუუმჯობესოს განწყობა მაყურებელს.

საქართველოში, რამდენადაც მე ვიცი, ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა სხვა ქუჩაში სხვა მხატვრების ნამუშევრები, შეკვეთით ან შეკვეთის გარეშე, გადაუღებავთ/დაუზიანებიათ. ერთი თვის წინ, ჩემი სახელოსნოს შესასვლელთან გავაკარი ქაღალდზე შექმნილი ნახატი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მოხეული და ძირს დაგდებული დამხვდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ შეწყვიტოს „სტრიტ-არტი“, რადგან ყველგან და ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შენს ნამუშევარს ადეკვატურად ვერ აღიქვამენ. ალბათ როდესაც შენ მიერ რაიმეს გაფუჭება არანაირ აზრს ატარებს (იქნება ეს ნახატის შექმნა, თუ მისი გადაღებვა) და იგი მხოლოდ განადგურებას ემსახურება, შეგვიძლია ვანდალიზმად მივიჩნიოთ.

მომწონს, როცა შერეული მეთოდით მუშაობენ, მაგალითად, როცა ნაბეჭდს აკრავენ კედელზე და სხვადასხვა მასალით ზემოდან ამუშავებენ. ძალიან მხიბლავს ‘Os Gameos’-ის მიერ შესრულებული ნახატები ვანკუვერში, ინდუსტრიულ ნაგებობებზე; მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავსი მოცულობის სიბრტყეებზე. ტრაფარეტების მეშვეობით ხატვა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად საინტერესო იქნებოდა ჩემთვის, რადგან მაშოლენდელებს ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი დეტალი აქვთ და ამ ყველაფრის ტრაფარეტით გადმოტანა ნაკლებად ეფექტური იქნებოდა. ყველა მედიუმს შეუძლია იდეის საუკეთესოდ გადმოცემა, თუკი სწორედ იქნება შერჩეული და დაეხმარება ადამიანებს, უკეთ აღიქვან ავტორის სათქმელი.


ფოტოგრაფი გურამ მურადოვი
ავტორი ლაშა ქავთარაძე, ნატა ავალიანი
THE CLARION

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *