ფერადი ჟაკეტი, ვიწრო შარვალი, კონვერსები

ავტორი • 13/10/2016 • სტუმარიკომენტარი (0)432


mananiko
მანანიკო კობახიძე
ფერადი ჟაკეტი, ვიწრო შარვალი, “კონვერსები”

ჩემი პროექტი ჰიპსტერებზეა. და იმაზე, თუ როგორ ვხედავ მე მათ.

ჰიპსტერები, უმეტესწილად, აღიქმებიან როგორც ადამიანები, კონკრეტული სტილის ტანსაცმელში. ფერადი ჟაკეტი, ვიწრო შარვალი, “კონვერსები” – აუცილებლად ჰიპსტერია. შეიძლება, არც იყოს ასე – ეს ყველაფერი აღქმაზეა დამოკიდებული. ძირითადად, ზედაპირულად ან საერთოდ არ ვუკვირდებით ხოლმე, როგორი ადამიანია. და ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ მართლაც, ზედაპირულ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

მეც ჰიპსტერების რასას წარმოვადგენ – მომწონს ვინტაჟური საგნები, ახალშექმნილი ბენდი, ფერადი ტანსაცმელი – ეს ყველაფერი ცხოვრებას მიხალისებს.

ჰიპსტერი რაღაც კონკრეტული იდეისთვის არ იბრძვის. მათ უყვართ ხეები, პატარა ყვავილები, ლამაზი სახლები, ლამაზი ტანსაცმელი.. ამ ფოტოების და ნახატების შეერთებით, შევეცადე მეჩვენებინა ეს ყველაფერი. ფოტოებში ნაჩვენებია ცარიელი ადგილები, ყვავილები, ხეები, გრაფიტის ელემენტები – რაც მათ უყვართ. ნახატში კი ზედაპირულობაა, რომელიც ხანდახან ყველას გვახასიათებს.

იდეა მომივიდა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები აღმიქვამენ, როგორც ჰიპსტერს, რადგან მიყვარს ყველაფერი, რაც ვინტაჟურია.

საინტერესო იქნებოდა, მომეძებნა ეს ადამიანები, ვინ არიან? სად ცხოვრობენ? სად დადიან? რატომ დადიან?

New York Times-ის ერთ-ერთი თანამშრომელი წერდა, მეც ჰიპსტერი ვარ და საერთოდაც, შეუძლებელია რომ ჰიპსტერი არ იყო: მეც დავდივარ ველოსიპედით, მიკეთია დიდი, მრგვალი სათვალე და ბაფთაო.

შეიძლება არ იყო, მაგრამ მაინც გაქვს იარლიყი, რომ ხარ.

ეს სუბკულტურა აღარ არის. ბაზარი ცდილობს, მოერგოს მოთხოვნას – ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ეცვას ისე, როგორც ჰიპსტერს.

შეიძლება არ იყო, მაგრამ მაინც გაქვს იარლიყი რომ ხარ.

მღაზიებში არაჰიპსტერული აღარაფერი იყიდება, ჯიბეებიანი შეარვალიც კი ჰიპსტერულია. ბაროკოს პერიოდში რომ ეთქვათ ვინმესთვის, როგორი პარიკები გიკეთიათ თავზეო, ძალიან გაეცინებოდათ. ახლაც იგივეა, გაივლის. თუმცა, ძალიან ძლიერია, მომცველობითი, რადგან ჰიპსტერული სტილი ყოველდღიურია და მოსახერხებელი.

ბავშვობიდან მინდოდა, რაღაც კარგი გამეკეთებინა კაცობრიობისთვის, როგორც ეს დისნეიმ მოახერხა. უარყოფითი ხომ  ისედაც ძალიან ბევრია. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები არ იყოს დეპრესიული, შეიძლება უშინაარსო სურათმაც კი ღიმილი მოჰგვაროს ადამიანს.

რემბრანდტიც ხომ ამბობდა, ხელოვნების ნიმუშმა ღიმილი უნდა მოგგვაროს.


ფოტო იანა ყობეზაშვილი
ესაუბრა ნატა ავალიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *