აზია

ავტორი • 09/10/2016 • მოგზაურობაკომენტარი (0)239


აზია
ეკატერინე მახათაძე

გგონია, რომ იცი რას შეიძლება ელოდო. თურმე წარმოდგენაც არ გქონია. სულ სხვაა. უფრო სწორად სულ ყველაფერი სხვაა. არადა, სინამდვილეში, შენ თვითონ ხარ სხვა, უცხო, უცხოპლანეტელი, სხვა სამყაროდან მოსული.

მე ცხოვრების ლატარეის ბილეთი მოვიგე და ვიეტნამში აღმოვჩნდი, ცოტაზე უფრო მეტი დროით. დავდივარ გაფართოებული თვალებით და ვაკვირდები ჩემ გარშემო განვითარებულ სიახლის კორიანტელს. ბოლო თვენახევარში ქუჩაზე გადასვლა, საჭმლის შეკვეთა, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება და გადარჩენის სხვა ძირითადი უნარები გამოვიმუშავე, და ახლა უფრო თამამად დავაბიჯებ აღმა-დაღმა; თანაც ჩემი, არც ისე მჩატე ფოტოაპარატი მაქვს ზურგზე მოგდებული.

ქუჩის ფოტოგრაფია აქ ბევრად უფრო მარტივია, და სასიამოვნო. დასავლეთში რომ ვინმეს ქუჩაში ობიექტივი მიუშვირო შეიძლება თავზე დაგაფშვნას. აქ კიდე პირიქით, უხარიათ, მეგობრებს ეძახიან, პოზირებენ, მადლობას გიხდიან, რომ პატივი ერგოთ და აღბეჭდე ისინი. მთავარი საიდუმლო მაინც გადაღებული ფოტოს ჩვენებაა; ბავშვებს ყველაზე მეტად აინტერესებთ რა გამოვიდა, მაგრამ არც უფროსები აკლებენ. ანახე ფოტო და კიდევ ათს გადაგაღებინებს.

ხო. აქ არ დაფოფინებენ და უფრთხილდებიან პირად სივრცეს როგორც იქ, “ევროპებში”. სულაც არ იციან ეგ რა არის. ერთ უპატარავეს ოთახში სძინავს 7 კაცს, იქვე ჭამს, ხშირად იქვე მუშაობს, კერავს, აცხობს, ყიდის… და კარი, როგორც წესი, ფართოდ ღიაა: დადიხარ ქუჩაში და გალერეასავით უყურებ ვიღაცის ცხოვრებას.

მეც სხვა რა დამრჩენია, დავდივარ ამ უსასრულო გალერეაში ფოტოაპარატით ხელში, ვიღიმი ყურიდან ყურამდე, მთელი გულით, და ვაგროვებ საპასუხოდ მიღებულ პოზიტივს და პორტრეტებს.


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *