სადაც სინათლე საფრთხეა

ავტორი • 04/10/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)1127


სადაც სინათლე საფრთხეა

ყველასგან მიტოვებულ გვირაბებს, სადაც მხოლოდ გაფუჭებული კედლებია დარჩენილი და აქა-იქ მწვეთავი წყლისგან იატაკზე გუბეები დგას, დროდადრო რამდენიმე ახალგაზრდა სტუმრობს.

ეს გვირაბები თბილისში და მის შემოგარენში, თითქმის ყველა უბანშია მიმოფანტული. ისინი ოდესღაც სხვადასხვა მიზნით ააგეს – ზოგი შესაძლო სამხედრო თავდასხმისას თავშესაფარი უნდა ყოფილიყო, ზოგი ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, ან მეტროს ხაზი, რომლის მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა ვეღარ დაასრულეს.

“ჩვენ მესამე თაობა ვართ” – ამბობს ლუკა, ჯგუფის ერთერთი წევრი – “დიგერების მესამე თაობა”. ის ყვება მათი წინამორბედების შესახებ, რომლებმაც თბილისში მიწისქვეშა გვირაბების აღმოჩენა დაიწყეს. პირველი, ერთი რუსი ბიჭი იყო, რომელიც მოგვიანებით რუსეთში დაბრუნდა. შემდეგ იყვნენ ორნი, თავს ფაბიანს და პოლარისს უწოდებდნენ, ბოლოს კი გაჩნდა ურბექსი, მესამე თაობის დიგერების ჯგუფი.

დიგერებს მიზანი არ აქვთ. ისინი არ ცდილობენ მიწის ქვეშ რამე ახლის, განსაკუთრებულის აღმოჩენას, არც წლების წინ იქ გადანახულ და შემდეგ დავიწყებულ საგანძურს ეძებენ. “რა გვინდა მიწის ქვეშ? მოდი, კითხვას შემოგიბრუნებთ, რისი კეთება მოგწონთ თავისუფალ დროს?” – ამბობს ვახო, ურბექსის კიდევ ერთი წევრი. ის პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია – “აიტიშნიკი”, გვირაბებში კი იმიტომ დადის, რომ უბრალოდ მოსწონს, ისევე, როგორც მის სხვა მეგობრებს.

დიგერებს არ აქვთ რუკა. ლუკა ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი მეგობარი დროდადრო მიწისქვეშა გვირაბების სქემებს ხაზავს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათ არ აინტერესებთ, გაიგებს თუ არა ხალხი ამ გვირაბების შესახებ – ან რა აზრი აქვს?! მათი უმეტესობა მაინც გამოუსადეგარი და მიტოვებულია. აბა ვის მოუნდება ტუბერკულოზის გაუქმებულ დისპანსერში ჩასვლა?

დიგერები კი ჩადიან ყველგან, სადაც ჩასვლა შეიძლება. ზოგან სპეციალური აღჭურვილობით, ზოგან მის გარეშე. ერთადეთი რამ, რაც მუდამ თან აქვთ, ეს ფანარია, რადგან გვირაბში აუცილებლად უნდა ბნელოდეს. თუ არ ბნელა, ცუდია. სინათლე პრობლემაა – სინათლე დიგერების ენაზე დარაჯს ნიშნავს, ხოლო შესვლა გვირაბში, რომელსაც დარაჯობენ, სარისკოა. თუმცა ხანდახან არც ამ რისკს ერიდებიან – თუ, რა თქმა უნდა, შეძლეს და სინათლეს გვერდი აუარეს.

www.urbex.ge 

ავტორები იანა ყორბეზაშვილი; გიორგი გოგუა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *