ნათელა გრიგალაშვილი

ავტორი • 29/09/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)1432


ნათელა გრიგალაშვილი თავისუფალი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი და დოკუმენტური ფოტო-სააგენტოს ‘კონტაქტ ფოტოს‘ დამფუძნებელია საქართველოში. კარიერის განმავლობაში მან არა ერთ გამოფენას უმასპინძლა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვებს გარეთ.

ნათელა გრიგალაშვილის დოკუმენტური ფოტო-ისტორიები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების მრავალფეროვან ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მათ შორის, ქალებზე პანკისის ხეობიდან და დუხობორებზე.

რამდენიმე დღის წინ კი, ფოტოგრაფმა მედია-ტურით ირანში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები წარუდგინა საზოგადოებას. “სხვა ირანი” – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ირანის კულტურის დღეების ფარგლებში მოეწყო და რომელიც ირან-ერაყის 8-წლიანი ომის შედეგებს ასახავს.

“სხვა ირანი”

ირან-ერაყის ომი (1980-1988 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო მე-20 საუკუნეში წარმოებულ ომებში, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ირანში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, ძლიერი შთაბეჭდილება სწორედ ამ ომის ნაკვალევმა მოახდინა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა, იქნებოდა ეს ომში დაღუპულ მებრძოლთა უზარმაზარი პორტრეტები შენობების კედლებზე თუ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოფანტული მემორიალური ძეგლები. განსაკუთრებით ამაღელვებელი კი ირანელთა ის მოწიწება და პატივისცემა აღმოჩნდა, რომელსაც ისინი სამშობლოსა და მშვიდობისათვის თავშეწირული თავიანთი გმირების – შაჰიდების მიმართ იჩენენ.

1980 წლის 22 სექტემბერს ერაყმა ირანზე მოულოდნელი სამხედრო შეტევით დაიწყო ომი, რომელიც რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და დამთავრდა მხოლოდ მაშინ, როცა ორივე ქვეყანა შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიიღებაზე. ირანმა ამ ომში დაკარგა 300 000 ადამიანი, მათ შორის, 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

რვაწლიანი ომის დროს ერაყს დიდ დახმარებას უწევდა ამერიკა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. ირანს კი მხოლოდ სირიამ დაუჭირა მხარი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, რომელმაც საშუალება მომცა, სრულიად სხვა თვალით აღმომეჩინა ეს ქვეყანა.

SHALAMCHE

ასე ეწოდება ქალაქს ხუზისტანის პროვინციაში, ირანისა და ერაყის საზღვარზე, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს მოსალოცად. ომის პერიოდში ქალაქი და მისი შემოგარენი ერაყის ჯარების შემოჭრის ერთ-ერთ მთავარ წერტილს წარმოადგენდა. ქალაქის დასაცავად ბრძოლაში 50 000-მდე ირანელი მებრძოლი დაიღუპა. დღეისათვის ამ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, მუზეუმია მოწყობილი, რომელსაც ირანელები სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული შაჰიდების სულის მოსახსენიებლად და გლოვისთვის აკითხავენ. განადგურებული საომარი ტექნიკა, მავთულხლართები და ქვიშიანი ტომრები ომის სისასტიკეში გაბრუნებს და იმის ნათელ სურათს ქმნის თუ რა ხდებოდა 28 წლის წინ ამ ადგილებში.

შაჰიდებიირანელი გმირები

ეს პორტრეტები თეირანში, ერთ-ერთი მეჩეთის ეზოშია გადაღებული, სადაც დასაფლავებული არიან ირან-ერაყის ომის დროს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები – შაჰიდები.

ირანი არის ქვეყანა, სადაც უდიდეს პატივს მიაგებენ იმ მეომრებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გასწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს საფლავები იმ დიდი პატივისცემის და მოწიწების ერთ-ერთი მაგალითია, რომელსაც ირანელი ხალხი გამოხატავს შაჰიდების მიმართ.


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *