პარტიზანული მებაღეობა

ავტორი • 28/09/2016 • საზოგადოებაკომენტარი (0)858


img_1434

ნატა ფერაძე „პარტიზანული მებაღეობის“ იდეის ავტორი და ერთ-ერთი აქტივისტი

პარტიზანული მებაღეობა – ეს მოძრაობა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს და გულისხმობს შენს არაკუთვნილ, მუნიციპალურ მიწაზე ხეების უნებართვოდ დარგვას. ჩვენ 2013 წლის ივლისში დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებულადაც მივიწევდით წინ, ბევრი ხალხი გვემატებოდა. ბოლოს ირკვეოდა, რომ თუ ჩვენ ოცი ხე დავრგეთ, ორმოცი ზრდასრული ხე მოჭრეს, რაც გაცილებით მავნებელია. ახალდარგულ ხეს დაახლოებით 30 წელი სჭირდება, რომ მიაღწიოს იმ სარგებელს, რასაც ზრდასრული ხე გვაძლევს. 90-იან წლებში, ქალაქში მწვანე ტერიტორია ერთ სულ მოსახლეზე 15კვ.მ-ს შეადგენდა, დღეს უკვე 3 კვ.მ-ია. ევროპული სტანდარტებით, კრიტიკული ზღვარი 9 კვ.მ-ია, ანუ ჩვენ ბევრად ჩავცდით კრიტიკულ ზღვარს. ამიტომ, “პარტიზანულ მებაღეობას” “Green Peace”-ის აქტივიზმი დაემატა და ვიბრძვით იმის წინააღმდეგ, რასაც გამწვანების სამსახური და მერია აკეთებს.

დავიწყეთ საპროტესტო აქციები, რომ გაჩერდეს ხეების უკანონო ჭრა, რაც უკანონოდ არ ითვლება არასწორი კანონების წყალობით. ერთი წელია შევაჩერეთ ვაკის პარკის ტერიტორიაზე 7-სართულიანი სასტუმროს უკანონო მშენებლობა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმე შეტანილია, ერთ წელზე მეტია ეს პროცესი გაიწელა და პასუხი ჯერ არ გვაქვს. წინასაარჩევნო დაპირებებში სარეკრეაციო ზონის აღდგენასა და მილიონი ხეზე იყო საუბარი, მაგრამ მერიამ აქაც მოგვატყუა და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ქვეყნის წინსვლაში სამოქალაქო აქტივიზმია. რამდენი ხანიც ჩვენ ვისხდებით და უბრალოდ ვიჯაჯღანებთ, რომ ეს არ მოგვწონს, იმდენჯერ მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იმას გააკეთებს, რაც არ მოგვწონს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რაც გვინდა.

ჩვენს მოძრაობას საუკეთესო პროფესიონალები შემოუერთდნენ და სრულიად უსასყიდლოდ, დიდი ენთუზიაზმით ვაწვდით მთავრობას ნორმებს – როგორ უნდა დაირგოს ხე, როგორ უნდა მოვუაროთ გარემოს. ძირითადად არაფერს ითვალისწინებენ.

ყველა მხრივ სრულიად არაჯანსაღ ქალაქში ვართ. ვაკის პარკი, რომელიც 1945 წელს დაარსდა, 120 ჰექტარი იყო. დღეს მერიის რუკაზე ვაკის პარკი 19 ჰექტარია. ამაზე გვქონდა საუბარი და მერიისგან დაპირებებიც მივიღეთ.

“პანორამა თბილისის” საკითხი ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, როდესაც ლარი ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. ისინი პირველ რიგში თვლიან, რომ უპირველეს ყოვლისა ინვესტიცია არის განსახორციელებელი. არ უყურებენ, რომ შეიძლება დღეს ამ პანორამამ ფული შემოიტანოს, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზით ეს ქალაქისთვის დამღუპველია. ქალაქს, რომელიც ისტორიულ ნაწილს არ უფრთხილდება, ფასი არ აქვს. ჩვენი ფასი ის არის, რომ გვაქვს ძველი ქალაქი. ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ ჩვენ გამოგვიყვანონ რაღაც ერთგვარ პაპუასებად, რომლებსაც არ უნდათ განვითარება. პირიქით, ჩვენ ძალიან გვინდა განვითარება, ოღონდ ამ სიტყვის სწორი გაგებით. მოხდეს ქალაქგეგმარება, როგოც ეს, ვთქვათ, ევროპაში ხდება – ლონდონში, პარიზში – აშენდეს ახალი უბანი, იგივე ინვესტიცია განხორციელდეს ნებისმიერ სხვა კარგად გააზრებულ ადგილას. “პანორამას” თანხა, რაც ქალაქში უნდა ჩაიდოს, მეტროს მშენებლობის შემდეგ სიდიდით მეორე ინვესტიციაა ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ქალაქის ცხოვრებაზე. ასე გაუაზრებლად ამის გაკეთება სრულიად დაუშვებელია. აქაც შეცვალეს კანონები და  ყველაფერს არგებენ ამ კანონებს და შემდეგ ამბობენ, რომ კანონიერია.

აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმი, აუცილებელია საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები, რადგან ზოგიერთს გაპრიალებული შუშის შენობა ურჩევნია ძველ სახლებს. მნიშვნელოვანია ამისი ახსნა, თუ რა ფასი აქვს ძველ სახლს და რა ფასი აქვს ახალს. ბევრ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად ფასეულია სიძველეების გაფრთხილება. ჩვენი აქციებიც ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირად მივაწოდოთ ხალხს ეს ინფორმაცია, რომ ეს დაუშვებელია არა იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაც არ გვინდა, არამედ ეს დაუშვებელია ეკონომიკური, ქალაქგეგმარების, ჯანმრთელობისა თუ ესთეტიკური თვალსაზრისით.

ჩემი რჩევა იქნება, ყველა მოქალაქე ადგეს და შემოგვიერთდეს. მე განათლებით მხატვარ-რესტავრატორი ვარ და უკვე რამდენიმე წელია საშინლად მაწუხებს რაც ხდება. ბოლოს მივხვდი, რომ მე თვითონ თუ არ ჩავერთე, თავისით არაფერი გამოიცვლება. პარკში გავაკეთეთ გამოკითხვა – ეს ხე ვისია. ყველას პასუხი იყო “არავისი”. უნდა გავითავისოთ, რომ ეს ხეები ჩვენია და უნდა დავიცვათ. ვთხოვ მოქალაქეებს გაიაზრონ, რომ ჩვენი სახლის ზღურბლს გარეთაც ჩვენი ტერიტორიაა.  ხალხის ჩართულობა თავიანთი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნება. ნებისმიერ მთავრობას, რომელიც არ უნდა მოვიდეს, ხალხმა თავისი პოზიცია უნდა დაუფიქსიროს.

img_1466

აჩიკო ქინქლაძე – პარტიზანი მებაღე

დროა, ხალხმა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა ქალაქისადმი და დაიცვას საკუთარი საჯარო-პირადი სივრცე, როგორიცაა პარკები, სკვერები და ნებისმიერი ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანები შეიკრიბონ და სასიამოვნო დრო გაატარონ. ასეთი ადგილები თბილისში თითქმის აღარ დარჩა და რაც არის, იმასაც გაჩეხვით და გასხვისებით ემუქრებიან. ეს პარკები უკვე ბეტონმა ჩაანაცვლა, ყველგან შენობებია. დროა, ხალხმა ეს პასუხისმგებლობა აიღოს და ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში კი ქალაქის მერიას მოთხოვოს, რომ შეწყდეს ქალაქის ბეტონიზაცია, მეტი ყურადღება დაეთმოს გამწვანებას და პარკებს. მეტი ყურადღება დაეთმოს ეკოლოგიას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

img_1445

მარიამ ბაქრაძე – პარტიზანი მებაღე

ჩემი სურვილია, რომ ქალაქისადმი ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს. გამოვიდნენ, დაინახონ პრობლემები და ისიც, თუ რა აქვს ძვირფასი ამ ქალაქს.

img_14372

მარიამ ნანობაშვილი – პარტიზანი მებაღე

დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა კარგად იყოს გააზრებული. ალბათ ყველა უნდა დაფიქრდეს, რად უღირს იმ ქალაქში ცხოვრება, რომელშიც ახლა ყველანი ვართ.

img_1452

მარიამ ყანჩაველი – პარტიზანი მებაღე

თუ რამე არ მოგწონს, უნდა შეცვალო შენით.

img_1461

ირინა წერეთელი – პარტიზანი მებაღე

აღარ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანმა გაისეირნოს. მინდა, რომ ბევრი ასეთი ადგილი იყოს, ამიტომ ვიცავ ვაკის პარკს და სხვა დანარჩენ ადგილებს.

აქცია “პანორამა თბილისის” წინაამღდეგ დღეს, 2016 წლის, 27 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.
#პაNOრამა


ფოტოგრაფი გურამ მურადოვი
ავტორი ნატა ავალიანი

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *