პლასტიკური მითოლოგია

ავტორი • 26/09/2016 • კონცეპტუალურიკომენტარი (0)371


3958_24f32de5-879f-4748-aefc-1d6fa45be85eიაროსლავ სოლოპი

პლასტიკური მითოლოგია

იაროსლავ სოლოპი უკრაინელი მხატვარია, რომელიც ექსპერიმენტული ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. 1979 წელს დაიბადა. ლვოვის ხელოვნების აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ცხოვრობს და მუშაობს კიევში.

იდეა

ცხოვრება მოგონილი ისტორიებითა და რთული კონცეფციებით არ უნდა შემოსაზღვრო – იდეას არ ჰქონდა კონკრეტული საწყისი, ყველაფერი საკმაოდ სპონტანურად მოხდა: 2011 წელს დავიწყე ექსპერიმენტები ფირის აპარატით და ჩემს მეგობრებს ვთხოვე, მონაწილეობა მიეღოთ გადაღებებში, რომლებიც ტყეში მიმდინარეობდა, ღამით. პირველი გადაღების შემდეგ, როდესაც ფირი გავამჟღავნე, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კადრების უმეტესობა ბერძნული ეპოსის გამოქანდაკებულ გმირებს მაგონებდა. ბავშვობაში ზღაპრების ნაცვლად ყოველთვის ბერძნულ მითებს მიკითხავდნენ, რომლებიც ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, გადაღება ამ კუთხით გამეგრძელებინა. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა პროექტის სახე მიიღო. ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება.

პერსონაჟები

პერსონაჟების შერჩევისას, ვცდილობდი მაქსიმალურად გავმიჯნოდი იმ ისტორიებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი გავლენა იქონია ჩემს წარმოსახვაზე. გადაღების მონაწილეები იყვნენ და არიან მხოლოდ ჩემი უახლოესი ადამიანები.

The Plastic Mythology

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კადრის სიუჟეტი ძველბერძნული ტექსტებიდან იღებს სათავეს, მე ვცხოვრობ ისეთ დროში, როცა არც თუ ცოტა მითი იქმნება. ისინი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აღარ უკავშირდება რელიგიურ კონტექსტს სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ზუსტად ასახავს თანამედროვე, ყალბ ცხოვრებისეულ იდეალებს, რომლებიც ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა და ახლა ცდილობს ხელოვნურად მოგვახვიოს თავს წარმოდგენები კაცობრიობის ღირებულებებზე. ამიტომ, როდესაც ვარჩევ მორიგ ისტორიას კადრისთვის, მე მინდა ის მოვარგო თანამედროვეობას, რაც გარკვეულ ირონიას იძენს ამა თუ იმ კუთხით. სწორედ აქედან გაჩნდა პროექტის სათაურიც «The Plastic Mythology» – მარტივად რომ ვთქვათ, პლასტმასის, ანუ ხელოვნური მითოლოგია.

პირადი მითოლოგია

შეიძლება ცოტა მიამიტურად ჟღერს, მაგრამ დღემდე ვთვლი ადამიანებს ისეთ არსებებად, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ბედის აღსრულება. შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი მითია, მაგრამ მე ურყევად მჯერა ამის.

პრომეთე

ჩემთვის ყველაზე ახლობელი, რა თქმა უნდა, პრომეთეა და მისი ისტორია – აკრძალვის მიუხედავად, კაცობრიობისთვის ცეცხლის ჩუქების შესახებ. დიდად არ მომწონს თავგანწირვის მომენტი, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა პრომეთეს სწრაფვა და სურვილი: გაუზიაროს უბრალო მოკვდავებს ცეცხლის საიდუმლო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბევრი გენიოსის ბედს, რომლებსაც ვერ უგებდა საზოგადოება.

სიშიშვლე

ჩემს წარმოდგენაში სიშიშვლე ადამიანის საწყის, ბუნებრივ, უმანკო ფორმას უკავშირდება. ასევე, დაუფარავ სიმართლესა და რეალობას, მთელი თავისი ნაკეცებით, კუნთებით და ხანდახან თუნდაც ნაკლით. სხეული – ეს ერთადერთი ობიექტია, რომელიც დაბადებიდან მოგვეცა და შეუძლებელია მისი საფუძვლიანად შეცვლა. ჩვენ ვერ გავხდით მას ოთხკუთხედს, გამჭვირვალეს ან თუნდაც 20 მეტრი სიმაღლისას. რა საკვირველია, შესაძლებელია მცირედი რეკონსტრუქცია, არსებული ტენდენციების მიხედვით გარკვეული სილუეტის მინიჭება, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.ადამიანის სხეული ჩემთვის ის კონტენტია, რომელიც უცვლელი რჩება კაცობრიობის არსებობის შედეგად შეცვლილ ყველა დანარჩენ პროდუქტთან მიმართებაში, იქნება ეს არქიტექტურა და ურბანიზაცია, მედიცინა, პოეზია, მუსიკა, საკვების მოხმარების კულტურა, მოდა, ტექნოლოგიები თუ თანამედროვე მოხმარების საგნები (მაგალითად, გაჯეტები).


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *