ავთო მესხი

ავტორი • 26/09/2016 • პორტრეტიკომენტარი (0)467


ავთო მესხი
მხატვარი

მთა იყო და ქვემოთ არაფერი ეხატა

dsc_9527-copy

ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი. ჯერ შავი ფანქრით ხატე, მერე თეთრსაც მოგიტანთ, ვნახოთ შენგან რა გამოვაო და დამაინტერესა. მომეწონა. ჯერ რვეული, მერე ფანქარი და ფანქრის ხუფი მომიტანეს, წვერი არ წაუტყდესო. ჯიბეში ვინახავდი, რომ არ დამეკარგა.

არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო. მომინდა გამეგრძელებინა ხატვა და დედაჩემს ვუთხარი, რომ გავიგე სასწავლებლის შესახებ, სადაც ხატვას მასწავლიდნენ.

დედაჩემი რკინიგზელი არ იყო, არც მამაჩემი, მაგრამ ჩემი სკოლის მეგობრის დედა იყო რკინიგზელი და იმის დახმარებით მოვეწყვე რკინიგზელთა სახლში, ხატვის წრეზე ჩავეწერე. ყველაფერი მიკვირდა – დაფები, „პოდსტავკები“. ნატურმორტი დაგვიდგეს, ფოთოლი იყო დასახატი. კარგად დავხატე ფოთოლი, პედაგოგსაც ძალიან მოეწონა და გაუკვირდა, ასე უცებ როგორ დახატე, ხატვა არ იციო.

მერე თაბაშირის თავი დაგვიდგა. ისევ გაკვირვებული ვიყავი. მერე ამიხსნეს, რომ ჯერ ქანდაკება გააკეთეს ქვაში და მერე ჩამოასხეს თაბაშირის ასლები, და, რომ ერთი კი არა, ძალიან ბევრია.

მერე პედაგოგმა მითხრა, რომ თუ მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ამისთვის ხატვის სკოლაა და მისამართს მოგცემო. გამოცდები გექნება, მაგრამ შენ მოხვდები, კარგად ხატავ ფოთოლსო. მომცა მისამართი ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის. დედაჩემს რომ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა, წამოვიდა, პედაგოგი ნახა, ელაპარაკა. ზაფხულში გამოცდაზე წავედი, დავხატე ნატურმორტი და კარგი ნიშანიც მივიღე. სექტემბრიდან ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში დავიწყე სიარული, კვირაში სამჯერ მივდიოდი. კარგი პედაგოგი მყავდა – ქეთევან მაღალაშვილი. პირველი ორი კლასი იქ ვისწავლე, მერე ტექნიკუმში ჩავაბარე. იქ უკვე სერიოზული ამბავი იყო. სამხატვრო აკადემიაში ორჯერ ვცადე ჩავარება და ვერ მოვხვდი, მერე ჩავიქნიე ხელი.

სახლში დავიწყე მუშაობა. ვხატავდი. ცხრა პერსონალური გამოფენა გავაკეთე – „მერანში“, ხელოვნების მუშაკთა სახლში, ეროვნულ გალერეაში. არჩილ დარჩიასთანაც მქონდა გამოფენა, ბაიასთანაც გამოვფინე პოპ-არტი ორჯერ.
ჰაინერ ბურმა შეიძინა ჩემი ბოლო ნამუშევრები. დანარჩენი ნახატები მამუკა ცეცხლაძესთან მაქვს სახლში. ჩემი სახლი ნინოშვილის ქუჩაზე იყო და გავყიდე, ფული არ მქონდა. მეთხუთმეტე წელია აქ ვცხოვრობ.

ხატვა რომ დავიწყე, ბავშვობაში, ელგუჯა გოგაძემ მითხრა კარგად ჩაიცვი, საყელო გაისწორე და წამოდი, ერთ მხატვარს გაგაცნობო. 14 წლის ვიქნებოდი. ჩავიცვი, დავიხურე და გავყევი. მივედით, კარი გრძელმა, შავგვრემანმა მამაკაცმა გაგვიღო. ძალიან სერიოზული იყო. შეგვიყვანა თავის პატარა ოთახში. გააცნო ჩემი თავი ელგუჯამ, ჩემი მონათესავე მეგობარია, ავთოო. იმან, მეც ავთო ვარ, შენც ავთო და ვიქეიფოთო. ვიქეიფეთ მე და ავთო ვარაზმა იმ დღეს ერთად.

საღამოს ელგუჯა წავიდა და მე დავრჩი. პიკასო ვიცოდი და ვთხოვე, პიკასოზე წიგნი, თუ ჰქონდა, ეჩვენებინა. ბევრი კარგი წიგნი ჰქონდა – პიკასო, სეზანი, ვან გოგი. მაშინ არავის ჰქონდა წიგნები. დამპირდა, ერთ ბუკინისტს გაგაცნობ, მე იმისგან ვყიდულობო. ყავას თუ სვამო, უარი ვუთხარი და წავიდა, თავისთვის მოიხარშა ყავა. მომცა პიკასოს დიდი, სქელი წიგნი, მუხლებზე დავიდე და დავათვალიერე. ძალიან მომეწონა. კედელზე ავთოს თავისი სურათები ჰქონდა ჩამოკიდებული. ერთ-ერთი ცოლის პორტრეტი იყო და აღვნიშნე, რომ ეს ნახატი ძალიან კარგია. გაეცინა, ეგ მეც მომწონს, სხვათა შორისო.

ტექნიკურში რომ ჩავაბარე, გაუხარდა. არ გააცდინო და დრო არ დაკარგო, ჩემთან კი, როცა მოგინდება გამოიარე, ოღონდ ბევრი გაკვეთილი არ გააცდინოო. ხშირად მივდიოდი მერე, ძალიან დავახლოვდით. ჩემი ნახატები მიმქონდა. ერთხელ, თავის მოლბერტზე შემოდო და მითხრა, ნახე, რა პატივი გერგო, ჩემს მოლბერტზე შენი ნახატი დევსო. მერე დააყოლა, ეს ნახატი, ჩემი თვალსაზრისით ძვირი ღირს, მაგრამ რადგან აქ მყიდველი არავინაა, იაფად გავყიდოთ, შენ კარგი ტანსაცმელი ჩაიცვი და „ვოტკებიც“ ვიყიდოთ, რომ გადავკრათო.

dsc_9608


ფოტოგრადი იანა ყორბეზაშვილი
ესაუბრა ნატა ავალიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *