შახ აივაზოვი

ავტორი • 24/09/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)1298


shax_072

შახ აივაზოვი
ფოტოგრაფი

შახ აივაზოვი თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ მე-7 კლასში დაიწყო ფოტოგრაფიის წრეზე სიარული რომ დაიწყო 52- სკოლაში. თუმცა მასწავლებელმა მალევე პიონერთა სასახლეში იური ლუკაშვილთან მიიყვანა. მეათე კლასამდე პიონერთა სასახლეში დადიოდა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარში მოუწია წასვლა. 1976 წელს პიონერთა სასახლეში ლაბორანტად მოეწყო, დაახლოებით ერთ წელში კი, ჟურნალისტიკის სწავლა დაიწყო. პარალელურად გაზეთნერგშიმუშაობდა. „ნერგს“ „ნორჩი ლენინელი,“ აზერბაიჯანულისავეტ გურჯისტანი,“ „საქინფორმი“  დაპრავდამოჰყვა. 1988-89 წლებში ბაქოში მუშაობდა. 1990 წელს აზერბაიჯანშიშავი იანვრისცნობილი ტრაგედია მოხდა, საბჭოთა ტანკებმა უიარაღო ბაქოელებზე გაილაშქრეს.

 

ომმა შეჩვევა იცის

„21 იანვარს უკვე ბაქოში ვიყავი. მაშინ “საქინფორმს” ხელშეკრულება ქონდა”Associated Press”-თან და „Reuter”-თან. წავედი ბაქოში, გადავიღე ყველაფერი და მალევე „Associated Press“-მა დამირეკა ჩამოდი მოსკოვშიო,“- იხსენებს ფოტოგრაფი, -„თქვენი სურათები მოგვწონსო და თანამშრომლობა შემომთავაზეს, კავკასიის ფარგლებში. ძალიან დიდ მასშტაბებზე გავდიოდი. ყველანაირ აღჭურვილობას შემპირდნენ. შემდეგ მიტინგები დაიწყო.“

„ომის ჟურნალისტი ჩემი ნებით არ გავმხდარვარ. ყარაბახში დაიწყო ომი, მერე იყო ცხინვალი, აფხაზეთი, ტაჯიკეთი. 9 თვე ვიყავი ჩეჩნეთში. შემდეგ 3 თვე თბილისი-მოსკოვი-ტაჯიკეთში დავდიოდი. მერე შევეჩვიე ომს – ომმა შეჩვევა იცის. მეკითხებიან, არ გეშინიაო? წასვლამდე შიში გაქვს, თუმცა როდესაც უკვე ეპიცენტრში ხარ, ეჩვევი და ვეღარ გრძნობ სად ხარ. ყოველ ჯერზე ასეა.“

„როცა ჟურნალისტი ხარ, ორივე მხარე უნდა აჩვენო. ამას ვერ ითვალისწინებენ ხოლმე ჟურნალისტები და ხშირად მხოლოდ ერთ მხარეს მუშაობენ, მაგიტომაც არის რომ ხოცავენ. ომი სიკვდილია, ყარაბახში რომ ვიღებდი ფოტოებს, არ იცოდი ვინ რას იზამდა. როცა შევედით, სადაც სომხები ცხოვრობენ, ორივე მხარის გადაღება მოვახერხეთ. ცუდი კი არაფერი იყო, მაგრამ შემდე აზერბაიჯანელები ერთი თვე არ მიშვებდნენ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაგრამ როცა ობიექტური ხარ მერე ყველა გზა ხსნილია, იქაც შეხვალ და აქაც.“

„როდესაც ომში გადასაღებად მიდიხარ, ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ოჯახი აქ გრჩება და არ იცი დაბრუნდები თუ არა. ჩეჩნეთში, ვიდინოა ერთი სოფელი, სადაც პრეზიდენტი იყო ასული. ყველა მიცნობდა, უკვე რამდენიმე თვე იყო იქ ვცხოვრობდი ფაქტობრივად. ერთი ჩეჩენი მოვიდა და მითხრა, თუ გინდ ვიდინოში ასვლა, იცოდე ღამე გავდივართო. დავთანხმდი და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად წავედი. ერთი კვირა ვერ ჩამოვედით უკან. ტელეფონი ოფისში მქონდა დატოვებული. ყველას ეგონა, რომ ჩვენ დაკარგულები ვიყავით. რომ ჩამოვედი, წვერებით ვიყავი მაშინ, არ დამავიწყდება, სახლში რომ მივედი და ჩემმა ცოლმა კარები გააღო, ვერ მიცნო და ცუდად გახდა. მერე გავიგე, ოჯახის წევრებისთვის უთქვამთ, რომ დაგვხოცეს ვიდინოში ასულები. მაგრამ რას იზამ, ომი ომია, ქორწილი ხო არაა. ჩვენ რო უარი ვთქვათ, ვიღაც ხომ უნდა წავიდეს, ვიღაცამ ხო უნდა გადაიღოს იქაურობა.“

„ჯობია რომ ომი არ იყოს. ახლა არქივს ვათვალიერებ და კიდევ ერთხელ ვაანალიზებ, ომი სიკვდილია. გინდა ერთი მხარე იყო და გინდა მეორე. შეიძლება ერთი მხრიდან 10 ადამიანი დაიღუპოს, მაგრამ მეორე მხარეს ორი აუცილებლად მოკვდება და ვინც თავის თვალით არ ნახა ომი რა არის, ვერ გაიგებს. ომი არის პოლიტიკა. იქ უბრალო ხალხი მიდის, ვერც ერთ პოლიტიკოსის შვილს ვერ ნახავთ. ალიევის სიტყვები არ დამავიწყდება. ყარაბახის მოვლენების დროს, პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია აკრიტიკებდა როდესაც ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ თქვა, ხელი აწიეთ ვისი შვილი ან ნათესავიც ომშიაო. არავინ ხელი არ აწია. მაშინ უთხრა, რომ ვერავინ გაიგებდა ომის რეალობას. თუკი აქტიური მოქმედებების დროს დღეში 100 გვამი მოდიოდა, ახლა ორი და სამი ადამიანი კვდება. რომელი ჯობია?“

შახ აივაზოვი უკვე 22 წელია „Associated Press“-ის ფოტოგრაფია. სააგენტოს 160 -წლიანი ისტორიის მანძილზე შახი პირველი აზერბაიჯანელი ფოტოგრაფია.
„იმაზე არაა ვინა ვარ და რა ვარ, მე საქართველოში ვარ. დიდი ხანი ვამბობდი, მოდი აზერბაიჯანში წავალ-თქო. მაგრამ, მე არსად წამსვლელი არ ვარ. მთელი ჩემი ფესვი აქაა. არც თანამდებობა მინდა, არც არაფერი. აქ კარგად ვარ, ჩემთვის.“


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *