უზარმაზარი, ნაცრისფერი კორპუსის წინ, რომელსაც „არაშენდას” ეძახიან, ძველ, სამსართულიან შენობაში მოხუცთა თავშესაფარია. შესასვლელთან, მოედანზე ჩამწკრივებულ, გრძელ სკამებზე მოხუცები საათობით სხედან და საუბრობენ.
გარემო აქ ერთფეროვანია – ცუდად განათებული დერეფნები მოხუცების პირად საცხოვრებლებამდე მიდის. ეს პატარა ოთახები ერთადერთია, რაც თავშესაფრის ყოველდღიური რუტინიდან არის ამოვარდნილი. ყველას სხვადასხვაგვარად აქვს ოთახი მოწყობილი. კედლებზე მათი ახალგაზრდობის ფოტოებია ჩამოკიდებული – ერთადერთი, რაც მათ წარსულთან აკავშირებს. წარსულთან, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებითა და სიამაყით იხსენებენ.
“ტელეფონი აღარ მუშაობს – დიდი ხანია… მე კიდევ ტექნოლოგიების არაფერი გამეგება” – ამბობს და “სამსუნგის” ძველ მობილურ ტელეფონს მაწვდის, იქნებ რამე მოუხერხოო. მას შემდეგ, ამ პატარა პრობლემის მოგვარების შემდეგ, პირველი, რასაც აკეთებს, რომ შვილს ურეკავს.
“მე და ჩემი ქმარი აქ ერთად ვცხოვრობდით… სანამ გარდაიცვლებოდა. ახლა მარტო ვარ – მარტო ბევრ ადამიანს შორის”.
“ახალგაზრდობაში, ქარელში რომ ვცხოვრობდი, ქუჩაში გოგონები თვალს მაყოლებდნენ. არ ვტრაბახობ, მართლა ასე იყო.”
“პანსიონატის დირექტორმა მითხრა, თვალის ოპერაციის შემდეგ მხედველობა დაგიბრუნდებაო. მოუთმენლად ველოდები ამ დღეს”.
“საღამოს ექვსზე ყველა ვახშამს ელოდება. დღეს მენიუში ბლინები და კაკაოა.”
პირველი სართულის ფოიეში კი ტელევიზორი დილიდან საღამომდეა ჩართული.
პანსიონატში ხშირად გაიგებთ მუსიკის ხმას. ყველაფერი სასადილოში მდგარი ამ ფორტეპიანოს “ბრალია”.
– შეიძლება გაგესაუბროთ?
– …
“აქ კარგია, მშვიდად ვარ, არავინ მაბრაზებს. მაგრამ, სახლში მაინც ჯობია…”
“ფოტოზე მე ვარ რამდენიმე წლის წინ.”
“გალიას ყოველთვის ღიას ვტოვებ, მაგრამ თუთიყუში არასდროს გამოდის. როდესაც ოთახს ვტოვებ, მეცოდება, რომ თავი მარტოდ არ იგრძნოს და წინ სარკეს ვუდგამ. თავის თავს ელაპარაკება ხოლმე”.
“ამ პანსიონატის გეგმა ჩემმა ქმარმა დახაზა – საავადმყოფოდ იყო ჩაფიქრებული. შემდეგ ის გარდაიცვალა, ცუდი პერიოდი დაგვიდგა, საცხოვრებელი აღარ გვქონდა. მე და ჩემი
და აქ მოვედით და მიგვიღეს. მას შემდეგ აქ ვართ”.
“ერთმანეთი აქ გავიცანით. შემდეგ დავოჯახდით”.
“ჩემი საქორწინო კაბა”.
“აივანზე უამრავი სამკურნალო ბალახეული მაქვს. შემიძლია, ადამიანებს ხალხური მეთოდებით ვუმკურნალო”.
“თქვენ პირველები არ ხართ, ვინც მიღებს. ძალიან ბევრი დადის. ცოტა ხნის წინ, ტელევიზიიდანაც იყვნენ. სექტემბერში მაჩვენებენ ტელევიზორში”.
ავტორი / ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი
ზურა ჯიშკარიანი შემდეგი:
ქალაქი, სადაც ყველას ოცნება ახდა