ქალაქი, სადაც ყველას ოცნება ახდა

ავტორი • 24/09/2016 • პორტრეტიკომენტარი (0)151


1მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე

თბილისის მეხსიერება იშლება, ბიოგრაფია ქრება.

ქრება ქალაქის ის თვისებები, რომელიც არა მხოლოდ მოგზაურისთვის, არამედ ქალაქის მკვიდრისთვისაც მნიშვნელოვანია. უკონტროლო ჩარევების გამო, თბილისი კარგავს მეხსიერებას – იმას, რაც ყველაზე მიმზიდველია. ისტორიის გარდა, ჩემთვის, ხელოვნებაა ტურისტების უპირობო მაგნიტი. ფესტივალები, ურბანული ხელოვნება, ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში – ქალაქის ენას, ქალაქის ახალ იდენტობას ქმნის.

ხედვისა და კონცეფციის არარსებობის გამო, განვითარებაც არასწორადაა გაგებული და ისტორიული უბნებისა და ძეგლების განადგურებას გულისხმობს. სწორედ ამ ახალი პროექტების გამო, ქალაქი დღითიდღე მონსტრად იქცევა.

თბილისის განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ქალაქის დეცენტრალიზაციას, ძველი უბნების განტვირთვასა და განვითარების წერტილების გაშლას, ისტორიული ნაწილების შენარჩუნებასა და საბჭოთა მიკრო-რაიონების ტრანსფორმაციას; მეტ საზოგადოებრივ სივრცეს, მოწესრიგებულ ტრანსპორტს – ადამიანებზე მორგებულ ქალაქს. კარგი ქალაქის ერთ-ერთი საზომი კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეები და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებაა. ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს საზოგადოების განვითარებაში და პირიქით. დღევანდელი თბილისი ძალიან კარგად ასახავს საზოგადოების მდგომარეობას.

img_1351

“პანორამა თბილისი” ერთი მოწყენილი ადამიანის აკვიატებაა, რომელმაც აღარ იცის, რითი გაერთოს. პროექტში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესი. “პანორამა” არ არის ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის – ის ძალაუფლების დემონსტრირების, კვალის დატოვების იაფფასიანი მცდელობაა. ამ პროექტის ღირებულება სულ რომ რვა მილიარდს შეადგენდეს, ფორმისა და შინაარსიდან გამომდინარე, მაინც იაფფასიან პროექტად დარჩება.

აი, ახლა, ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლზე ორ-სართულიან დაშენებას ვუყურებ. მარჯვნივ – მთაწმინდა ნელ-ნელა ქრება ამორფული კორპუსების ფონზე. მარცხნივ, თამარ მეფის ხიდთან, კლდეზე ორი მონსტრი შენდება. ოდნავ მოშორებით, ფიქრის გორა ბეტონის ფილების ნაგავსაყრელს ჰგავს.

მადლობა ღმერთებს, აქედან მეტი არაფერი ჩანს.

მომავალი წარმოსადგენად მარტივია – ფანჯრის წინ, ნახევარ მეტრში აშენებული ბეტონის ახალი კორპუსი.

და რადგან სწორედ ახლა ვხვდები, რომ თუნდაც ამ თითზე ჩამოსათვლელ ადგილებს აღარაფერი ეშველება, როგორც წყეული რუსები იტყოდნენ – “რაზ პაშლა ტაკაია პიანკა, რეჟ პასლედნი აგურეც” და ბარემ, ბოლომდე გავხურდეთ – შევქმნათ ახალი, უნიკალური ქალაქი.

img_1696

“პანორამაც” ავაშენოთ, სპორტის სასახლის უკან გაშენებული უბნის მოდელი სხვა უბნებშიც გადავიტანოთ, ძველი თბილისი მიწასთან გავასწოროთ და “ელიტური” კორპუსები ჩავდგათ. პარკები გავჩეხოთ და ტროტუარები გავაუქმოთ – უფრო მეტი ადგილი რომ გვქონდეს პარკინგისთვის. თუ სახლების წინ შემთხვევით ცარიელი ადგილები დაგვრჩება, სასწრაფოდ ლოჯები მივაშენოთ – ვისაც რა ფორმა და ზომა მოუვა აზრად; სრული თავისუფლება მივცეთ ინვესტორებს და მეტიც, მოვთხოვოთ, რომ პროექტები თვითონვე დახაზონ და არავითარ შემთხვევაში არ დაიხმარონ არქიტექტორები. მარცხენა და მარჯვენა სანაპირო უსასრულო ესტაკადებით დავაკავშიროთ და მტკვარში ბეტონის უძრავი რესტორანი-ტივები ჩავდგათ. მცირე ზომის ეკლესიებს ათჯერ უფრო დიდები დავაშენოთ, იქნებ, უფალმა უკეთ დაგვინახოს.

უნიკალური სივრცე იქნება – განხორციელებული ხალხური ფანტაზიებისა და ოცნებების განუმეორებელი მაგალითი. პლანეტის ყველა კუთხიდან ჩამოვლენ თბილისის სანახავად. ჩვენს რეალობას სწორედ ასეთ შედეგებამდე მივყავართ – აბსურდულ, დისტოპიურ სივრცემდე – ქალაქამდე, სადაც ყველას ოცნება ახდა.

img_1699 img_1383 img_1379 img_1670


ავტორი ნატა ავალიანი
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *