ის, რაც გამოგაჩენს და არა ის, რაც გმალავს

ავტორი • 24/09/2016 • მოდაკომენტარი (0)233


img_3857ტატო ორაგველიძე
დიზაინერი 

ქობულეთში დავიბადე, მერე აკადემიაში ჩავაბარე. სულ ვხატავდი, სალაპარაკო ენა იყო ჩემი. ძალიან ასოციალური ვიყავი ბავშვობაში. აკადემიაში რომ ჩავაბარე, ბოლომდე არ ვიცოდი რა მინდოდა, ალბათ, ახლაც არ ვიცი. მაგრამ, ყველა ადამიანს სჭირდება თავისი ენა გამოხატვისთვის. ამ შემთხვევაში, მე კოსტიუმი ვიპოვე. მთელი ცხოვრება ვუყურებდი ადამიანებს, უფრო სწორედ ქალებს, რომლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ, ძალიან მართლები. უბრალოდ, სოციალური პირობების თუ რაღაც სხვა მიზეზების გამო, ისინი ვერ ახერხებდნენ, ყოფილიყვნენ… არ ვიცი როგორ ვთქვა, არ მინდა „კარგად ჩაცმა“ განვსაზღვრო. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერ ქალს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება, რომელ სოციალურ წრეში იტრიალებს, როგორი ფიგურა ექნება – შეუძლია, იყოს კარგად ჩაცმული მიუხედავად იმისა, როგორ აღიქვამს ამას გარესამყარო. დაარქმევს კარგად ჩაცმულს თუ არა.

ტანსაცმელი არის ზუსტად ის, რაც გამოგაჩენს და არა ის, რაც გმალავს. ტანსაცმელს შეუძლია, შენზე მთელი ისტორია მოყვეს – ვინ ხარ, რა გინდა, რატომ ხარ. მოდა ჩემთვის არ ასოცირდება სილამაზესთან, გლამურთან და დიდებასთან. ჩემთვის, ალბათ, სიმართლეა, რომელიც უნდა ითქვას და ამბობენ კიდეც ახლა, გენიოსები ვინც არიან.

სამომავლოდ რას ვაპირებ, არ ვიცი. ალბათ, სწავლას მოვრჩები აკადემიაში, მერე წავალ სადმე, ვისწავლი, როგორც ყველას უნდა. საბოლოოდ, მე მაინც კოსტიუმს გავაკეთებ, რაც არ უნდა მოხდეს.

img_3833რაც შეეხება რელიგიურ აქცენტებს ჩემს ნამუშევრებში, არ მინდა გამოჩნდეს, თითქოს, ვიღაც ბნელი ტიპი ვარ, ვებრძვი რელიგიას და ქრისტიანობას. პირიქით, ძალიან მიყვარს ქრისტე, მხოლოდ მან შეძლო, ბოლომდე მართალი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, რელიგია არის სიმბოლო ჩვენი რეალობის – რაც ხდება ჩვენ ირგვლივ.

ქალები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ჩემ ირგვლივ არიან, ქალები ჩემი ბავშვობიდან – ასოცირდებიან ძალიან დიდ სტრესთან და დიდ წნეხთან, რომელსაც მერე ამართლებენ რელიგიით, მენტალიტეტით, ქართული ეკლესიით და ამ ყველაფერს მოყვება ძალიან ცუდი შედეგები, რასაც ვხედავთ თუნდაც დღეს. რელიგია ავირჩიე, რადგან ეს არის სახე და ეს არის ბიძგი ქართველების (და არამარტო ქართველების, რელიგიური ფანატიზმი გლობალური თემაა), ბიძგი იმ ძალადობისა, გამამართლებელი  საბუთი იმ საშინელებისა, რაც ხდება ქვეყანაში. ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ღმერთის სახელით, ქრისტიანობის სახელით, საქართველოს სახელით არ შეიძლება.

ამ კოსტიუმში თვალები, პირი, ყურები – ყველა საკომუნიკაციო საშუალება დახშულია ქალისთვის. მკერდი ჩემთვის მომავალი თაობების გამოკვების საშუალებაა – დედის ძუძუ. ამიტომაც, მხოლოდ მკერდზე გავაკეთე აქცენტი. ასე გონიათ, რომ ქალი მარტო ამისთვის არსებობს. ეს ჩემი დამოკიდებულებაა და საერთოდ არ ვღაღადებ ჭეშმარიტებებს. ასე რომ, იყო აქცენტი მკერდსა და ვაგინაზე, რომელიც ხელოვნურად გავაკეთე. მოოქროვილი, ძვირფასი საშო, რომელმაც უნდა შობოს საქართველოს მომავალი თაობები, ვაჟკაცები და მერე უზარმაზარი, ოთხ-ნახევარი ზომა მკერდით ასხას ყელში რძე, სანამ არ დაიხრჩობა და სანამ არ მოიწამლება იმ მახინჯი მიდგომებით დიდ საკითხებთან, რასაც პატრიოტიზმს ვეძახით, რასაც რწმენას ვეძახით, სათნოებას რასაც ვეძახით, და სიყვარულს.

img_3893სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, არ შეიძლება სიყვარულს სქესი, ასაკი მისცე და ამის გამო ვიღაცებს დაუპირისპირდე. არ შეიძლება ქალი, რომელიც გიყვარს, მარტო შენი შვილის დედად აღიქვა. ამის თქმა მინდოდა ამ კოსტიუმით. თავზე ჩამომხობილი მთელი თანამედროვე საეკლესიო სამყარო კომუნიკაციების მოსასპობად და მომავალი თაობების აღსაზრდელად ისევ იმ ცნობიერებით, რა ცნობიერებითაც გაიზარდა მამაჩემი, შეიძლება მამათქვენებიც, არ ვიცი, და ბევრის მამა კიდევ.და მე არ მინდა, რომ ასე გაგრძელდეს.

tato_-1 tato_-2 tato_-3 tato_-4


ავტორი ლაშა ქავთარაძე
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *