ზურა ჯიშკარიანი

ავტორი • 23/09/2016 • პორტრეტიკომენტარი (0)178

zombieHIGH TECH – LOW LIFE

Who He Is  

ტვიტერზე მიწერია, რომ ვარ დრიმჰაკერების არმიიდან მეორე სამყაროს გეტოში, რომელსაც აინტერესებს სიამოვნებები, რომლებიც არ იგუგლება [unGoogleable pleasures]. ნუ ეხლა ესეთი დეფინიცია მახალისებს საკუთარი თავის და ისე არ ვიცი, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი Game of Thrones-ის “უსახოების” სექტიდან, სახელის იდენტობის და წარსულის გარეშე.
“Valar Morghulis – Valar Dohaeris”

His Art + Bio Art 

ტექნოლოგიები იმ დოზით არ არის, რამდენადაც მინდა რომ იყოს. ნუ ეს “ჰუმანიტარული” აღზრდის შედეგიცაა, მაგრამ რას ვეძახი ჰუმანიტარულს, როცა მარტო თრეშში და გაუგებრობაში ვიზრდებოდით, არ ვიცი. ალბათ იმას, რომ კოსმონავტები, რაკეტები და რობოტები დიდი ხანი პოეზიის ნაწილი მეგონა და ძაან გვიან გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ტექნოლოგიებზე და ე.წ. ‘ზუსტ მეცნიერებებზეა’ დაფუძნებული. ამის გარდა, ძაან მომწონს წინა საუკუნის დასაწყისის ავანგარდული მოძრაობები და თითქმის ყველაფერი, რასაც მაშინ ბევრი ავტორი წერდა, რისი გაკეთებაც უნდოდა და რაც ხშირად გამოხტომებად ან უტოპიურ მოთხოვნებად აღიქმებოდა [და რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ეს გამოხტომებიც და “შეუძლებელის” მოთხოვნაც იყო]. დღეს, შესაძლებელია ციფრული და არამარტო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით რო გააკეთო და კიდევ უფრო მეტი მოითხოვო. სადღაც ბიოკოსმისტები [ესეთი ნახევრად პოლიტიკური ნახევრად “არტისტული” მოძრაობა არსებობდა 20-იანი წლების რუსეთში] წერდნენ რომ: “ჩვენ არ ვმუშაობთ სახელოსნოებში – ჩვენ ვმუშაობთ ლაბორატორიებში” და იქვე მემგონი მალევიჩიც წერდა თუ არ მეშლება სადღაც, რომ ჩვენ არ ვქმნით სახე-ხატებს და მეტაფორებს, ჩვენი ხელოვნების მიზანია შევქმნათ ცოცხალი ორგანიზმები.

და ეს იდეა, რომ “არტისტს” შეუძლია მარტო მეტაფორებით კი არ ეთამაშოს ვინმეს ტვინის ნეირონებს – შეუძლია უშუალოდ შეეხოს ამ ადამიანს, ატომები და მატერია გამოიყენოს თავის სამუშაო მატერიალად, წარმოსახვაში კი არ დაარღვიოს ბუნების კანონები – რეალურად დაარღვიოს, მართლა შექმნას ახალი ციფრული თუ ბიოლოგიური ორგანიზმები.. რამე უტოპიური ლოზუნგით. ან როგორც “art research”. ეს იდეა ძაან მიზიდავს დიდი ხანია. და ეს ახალი ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იძლევა ამის საშუალებას – ასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში “მუშაობს” უკვე ამ ტერიტორიებზე. მაგალითად ბიო არტისტები.. მაგალითად, პორტუგალიელი არტისტი მარტა დე მენესეზი, თუ არ მეშლება სახელის სწორი გამოთქმა. მარტას ერთ–ერთი ცოცხალი ინსტალაცია იყო პეპლები, რომელთა ფრთების დიზაინი თვითონ შექმნა. მეცნიერების ჯგუფთან ერთად, მარტა პეპლის განვითარების ჩანასახოვან სტადიაში ერეოდა, ისე რომ ახალდაბადებულ პეპელას ჰქონდა უნიკალური, განუმეორებელი “ნახატები”, ”პატერნები” ფრთებზე, ანუ ამ ქალის “ხელოვნება” პირდაპირი გაგებით ცოცხალი იყო, იბადებოდა და კვდებოდა, ამას ვერ დაიჭერდი მუზეუმში და ის მხოლოდ იმდენ ხანს არსებობდა, რამდენ ხანსაც ცხოვრობდა პეპელა… რაღაც, რაც ერთდროულად სიცოცხლეა და ამავდროულად ხელოვნება. მარტა “ჩაურევლობის” ეთიკასაც იცავს და ცვლილებები, რომლებიც მათ შეყავდათ ორგანიზმში – ისე იყო გაკეთებული, რომ შემდეგ თაობას არ გადაცემოდა. შესაბამისად, არტვორქი, რომელსაც მარტა ქმნიდა, იყო ცოცხალი ორგანიზმის დიზაინი, რომელიც აქამდე ბუნებაში არ არსებულა და რომელიც არ იარსებებს შემდეგაც. და რომელიც შეიქმნა საკრალურ ტერიტორიაზე – გენებში – “არტისტული ინტერვენციის” შედეგად.

იგივეა ციფრულ ტერიტორიებზეც – არის ასეთი კვლევების და იდეების დიდი ტერიტორია, რომელსაც ქვია “Artificial Life” – მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის სიცოცხლის პროცესების, ევოლუციის სიმულირება კომპიუტერული მოდელებით, ციფრულ გარემოში. სიმულირებული “ცოცხალი” ორგანიზმების, რომლებსაც უკვე “ციფრულ ორგანიზმებსაც” ეძახიან — შექმნა და დაკვირვება მათ განვითარებაზე. ამ სფეროს ერთ–ერთი პიონერი, თომ რეი იმასაც თვლიდა, რომ ჩვენ ძაან შეზღუდული წარმოდგენა გვაქვს “სიცოცხლე”-ზე,  ჩვენთვის “ცოცხალია” მხოლოდ ის, რასაც ბიოქიმიური საფუძველი აქვს, რაც ბიოლოგიურია. მაგრამ შესაძლოა სიცოცხლე არ არის მარტო ბიოლოგიური ფენომენი, და აქ ისმის კითხვა – თუ ჩვენ შევხვდით ციფრულ ორგანიზმს ან პროგრამას, რომელიც ასრულებს “სიცოცხლისთვის” მისადაგ პროცესებს: დაბადება, ზრდა, განვითარება, რეპროდუქცია და ა.შ. – შეიძლება ვთქვათ რომ ეს “არსება” ცოცხალია? თუ არა?

თუ ვიტყვით რომ ცოცხალია – ეგრევე ჩნდება კითხვა: რატომ?

თუ ვიტყვით რომ ეს არსება არაა ცოცხალი, ისევ ისმის – რატომ?

და ამ კითხვებზე პასუხებში, დისკუსიებში უკვე თავიდან ჩნდება ისეთი თემების გადააზრებაც როგორიცაა “სიცოცხლე”, ან “სიკვდილი” ან “ხელოვნება” და ა.შ.

სადღაც ჰოუკინგის ინტერვიუს მოვკარი თვალი ადრე. ამბობდა, რომ კომპიუტერული ვირუსები ახალი სიცოცხლის ჩანასახოვანი ფორმაა, და არავინ იცის, თუ რამე კატასტროფა არ მოხდა და ტექნოლოგიები განვითარდა ასეთი ტემპით, როგორები იქნებიან ეს ციფრული ორგანიზმები 20-30 ან 50 წლის შემდეგ.

არტისტი ედუარდო კაც, თავის პერფორმანსში “გენეზისი”, ბიბლიის ფრაზას წერს ბაქტერიის გენომში და მერე მის დეკოდირებას ახდენს, სტელარკი ხელზე “მესამე ყურს” იზრდის და იყენებს მას მიკროფონად, რომ ესაუბროს ქსელში ჩართულ ადამიანებს პლანეტის მეორე ბოლოდან. ყველა ეს არტისტი, აცოცხლებს და “ხორცს ასხამს” ავანგარდისტების ყველაზე უტოპიურ, დამარცხებისთვის განწირულ იდეებსაც კი და ჩემთვის ეს ძაან საინტერესო სფეროა, რაც მთავარია მოწყენილობისგან სიკვდილს მარჩენს ხოლმე და ვარ ესე.. ამიტომ მიზიდავს ეს მიქსი ტექნოლოგიების და იდეების, რომელიც შეიძლება არაფხიზელზე გაგიჩნდეს, და ამას გინდ არტი ერქვას, გინდ მოცარტი – ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს.  ჩვენთან უბრალოდ ძალიან დაბალტექნოლოგიური გარემოა, თუ შეიძლება ესე ითქვას და ამიტომ ძაან კუს ნაბიჯებით ვმოძრაობთ. ბევრ პროექტზე უბრალოდ დაინტერესებული პროგრამისტები ვერ ვიპოვე, ამიტომ ჩემით მომიწია პროგრამირების და სხვადასხვა პროგრამის სწავლის დაწყება, მაგრამ ამასაც ხო დრო მიაქვს.

რაღაცით ამიტომ ცოტა კიბერპანკურიც არის ესე არსებობა:

”Hight Tech – Low life”

მაგრამ ნელ-ნელა დავძარი რაღაც პროექტები, რომლებსაც დიდი იმედი მაქვს სწრაფად და “ხარისხიანად” მოვრჩები, რომ მალე გადავიდე კიდევ უფრო “რთულ” პროექტებზე და სხვა იდეების განხორციელებაზე. ეხლა რაზეც ვმუშაობ, არის ძირითადად ინტერაქტიული და საგანმანათლებლო ტერიტორიების გადაკვეთაზე – ერთი პროექტია “ონლაინ ილიაუნი” – Coursera-ს მსგავსი, ოღონდ ქართულენოვანი პორტალი, დისტანციური ინტერაქტიული სწავლებისთვის, რომელსაც სანდრო ასათიანთან ერთად ვაკეთებ. აქ იქნება უფასო კურსები ნებისმიერი სფეროდან [როგორც საუნივერსიტეტო კურსები, ასევე ექსპერიმენტული და როგორიც გინდა, მთავარია ლექტორები გამოჩნდნენ], და ამ კურსების გავლა და სიმბოლური სერტიფიკატის აღება შეეძლება ნებისმიერ ადმიანს ნებისმიერი ქალაქიდან, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. და ამის გარდა პორტალზე იქნება ინტერაქტიული კითხვარი აბიტურიენტებისთვის, ანუ სიმულირებული საგამოცდო ტესტები, რომელიც შეგიძლია შეავსო და პროგრამა გეტყვის რამდენი პროცენტით მზად ხარ გამოცდის ჩასაბარებლად.

მეორე პროექტი, რომელსაც ასევე სანდრო ასათიანთან ერთად ვაკეთებ, არის “ინტერაქტიული ბიბლიოთეკა” – იდეა არის ის, რომ გაკეთდეს ბიბლიოთეკა, სადაც საშუალება გექნება პირადად ელაპარაკო ავტორებს ან პერსონაჟებს, მინი-თამაშებით გაეცნო რამე მოთხრობის სიუჟეტს, ავატარის სახით იმოგზაურო რომელიმე რომანში ან მოთხრობაში აღწერილი სოფლის 3D ლანდშაფტში, ან ბრძოლის ველზე და ასეთი სახით გაეცნო ამ ნაწარმოებს.  გვყავს ძაან კარგი პროგრამისტების მცირე ჯგუფი და ჯერჯერობით თითქმის ნულიდან დავიწყეთ და ვაკეთებთ გალაკტიონ  ტაბიძის ჩეტ-ბოტს. ამ ბოტის მონაცემთა ბაზაში გროვდება გალაკტიონ ტაბიძის ნაწერები, მოგონებები, ინფორმაცია დღიურებიდან და ა.შ. და ბოტის მიზანია, იყოს გალაკტიონის “ციფრული კლონი” ანუ შეძლებისდაგვარად მოახდინოს გალაკტიონ ტაბიძის ენობრივი სამყაროს სიმულირება. ეს რაღაც გაგებით შორი და მოკლე შეხებაა ჩემთვის იმ იდეებთან, რომლების გაკეთებაც მერე მინდა.

AI

ხელოვნურ ინტელექტზე ყოველდღე ათასობით სტატია იდება მგონი და კიდევ უფრო მეტი წიგნია დაწერილი. ერთი მხრივ, თუ ხელოვნური ინტელექტი დაიბადება, ეს გვპირდება უკვდავებას, უამრავი დაავადების განკურნებას, კოსმოსის კვლევებში გარღვევას და უამრავ ახალ რეალიას, რომელსაც ეხლა ამ სიმაღლიდან ვერ ვხედავთ. მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი წერს, რომ თუ ჩვენ “გავაჩენთ” სიცოცხლის ახალ ფორმას და ის ჩენს ინტელექტზე ათასჯერ აღმატებული იქნება – ჩვენ უკვე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევა ეს სიცოცხლის ახალი ფორმა და დაახლოებით ამ ეტაპს ეძახის რეი ქურცვეილი და ტრანსჰუმანისტების გარკვეული ჯგუფები – ტექნოლოგიურ სინგულარობას. ეს არის მოვლენებში თანმიმდევრობა დროსა და სივრცეში, რომლის იქეთ უკვე ინტელექტის ამ ლეველზე მყოფები ვერ გავაკეთებთ ვერანაირ პროგნოზს და ტექნოლოგიების და ახალი სიცოცხლის განვითარების პროცესი მთლიანად დასხლტება ჩვენი ხელებიდან. მე არ ვიცი პირადად, იმედია მოვესწრებით სანამ ცოცხლები ვართ ამ ევოლუციურ შოუს. სადღაც, ღვთისგან დავიწყებულ პლანეტაზე, ირმის ნახტომის გალაქტიკის პერიფერიებზე, ბიოლოგიურმა არსებებმა შექმნეს სიცოცხლის ახალი ფორმა – ძალიან ლამაზი და საინტერესო აბსურდია.

Cyborg Anthropology

ჯონ ლილის ძაან საინტერესო წიგნი იწყება ზუსტად ასე: ”ყოველი ზრდასრული ადამიანი – არის დაპროგრამებული ბიორობოტი”. და ეს აზრი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ისევ და ისევ გავდივართ საკუთარი თავის გადააზრების პროცესებს და ეხლა ამ გადააზრებაში ყველაზე დიდი როლი ტექნოლოგიებს უჭირავს. ვიღაც წერდა, რომ ჩვენ ვქმნით ახალ ინსტრუმენტებს და მერე ეს ინსტრუმენტები გვქმნიან ჩვენ და სადღაც კიდე უფრო საინტერესოდ ეწერა, არ მახსოვს ეხლა სად, რომ – ბიოლოგიური მანქანა არის ტექნოლოგიებისთვის საშუალება, რომ საკუთარი თავი განავითაროს. სულ სხვა პერსპექტივაა.

მაგრამ ბიორობოტს რო დავუბრუნდეთ – ტიმოთი ლირი ამბობდა, რომ ყოველი ეპოქის ტექნოლოგია პირდაპირ მოქმედებს იმ ეპოქის მეტაფორებზე და თეორიებზე. მისი აზრით, დღეს, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ მეტაფორად კომპიუტერი და ალგორითმები [პროგრამები] იქცა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. კოსმოლოგიაში ჯერ სუსტად, მაგრამ ჩნდება თეორიები, რომ სამყარო ერთი დიდი სუპერკომპიუტერია, რომელიც საკუთარ თავს “ითვლის”, ნეირომეცნიერებებში ჩნდება იდეები, რომ შესაძლოა “თავისუფალი ნება” მხოლოდ თვითაღქმის ილუზიაა და სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ რთული ბიოქიმიური პროგრამები ვართ. მაინც ალბათ უფრო “კიბორგიზაციისკენ” იხრება ყველაფერი და ამაში საგანგაშო, საშიშიც არაფერია. ჩვენი სახეობა ყოველთვის იყო რაღაც გაგებით კიბორგული. ტერმინი კიბორგი მარტივად რო განვმარტოთ, არის არსება, ადამიანი, რომელიც არის ტექნოლოგიურისა და ბიოლოგიურის სიმბიოზი. რო დაუკვირდე, ადამიანი რომელიც იყენებს სათვალეს, ან იყურება ტელესკოპში, რომ მისმა მზერამ თვალის ბიოლოგიური შესაძლებლობები “დაამარცხოს” და ა.შ. ყველა ეს ადამიანი პროტო-კიბორგია. ავტომობილი რაღაც გაგებით პრე-კიბორგული რაღაცაა – წარმოიდგინე კიბერნეტიკული, რკინის მოწყობილობა, რომელშიც ბიოლოგიური ორგანიზმი ზის და მართავს ამ მანქანას. ამ კუთხით იშვიათად ვუყურებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით რაღაც გაგებით კიბორგები და ეხლა  ვაღრმავებთ ამას. რამდენიმე საინტერესო ვიდეოს და ესეს იპოვით ნეტში თუ დაგუგლავთ “Cyborg Anthropology”-ს.

და ისე, ზოგადად, მაინც არავინ იცის, საბოლოოდ სახით გადაიხრება ჩვენი თვითაღქმა, საერთოდ გადაიზრდება თუ არა პლანეტარულ აღქმაში თუ ვერასდროს ამოვა ნაციონალური, ან თემური წყობილების აღქმიდან და პრობლემებიდან და ამ აღქმასთან ერთად დავსამარდებით და გავიყოლებთ თან პლანეტას, ლამაზი ბირთვული განთიადებით. ლამაზი სანახაობა იქნება ცოტა ხანი.

ერიკ დევისის ფრაზა მახსენდება ძალიან კარგი წიგნიდან, “ტექნოგნოზისი” ქვია წიგნს და ერთი თავი ასე მთავრდება: “თუ ადამიანის ევოლუცია არის ისტორია მაიმუნზე, რომელიც უნდა გადაიქცეს ზეკაცად [ანგელოზად], მაშინ ამ გზაზე, სადღაც შუაში ჩვენ მოგვიწევს გადაქცევა მანქანებად”. და პრინციპში, რაღაც გაგებით  გაუცნობიერებელი, რელიგიური, იდეოლოგიური და ა.შ. პროგრამებით დატენილი მანქანებივით კი ვცხოვრობთ ეხლა ამ გლობალურ სოფელში.

მომავლის პროექტები. არ ვიცი. ჯერ ალბათ შევეცდები, უხეში სიტყვაა მაგრამ “მოვიშორო” – თაროზე შემოწყობილი და დამტვერილი იდეები. აქედან რამდენიმე მოკლედ რო ვთქვა:

რობოტი [მოწყობილობა ან პროგრამა], რომელიც რამე კონკრეტული საქმიანობისთვის კი არაა შექმნილი, არამედ რომლის “ფუნქცია”: აბსტრაქტული საქმიანობის კეთებაა. მაგ. სიზმრების გენერირება. ანუ რო ავიღოთ სიზმრების ყველაზე მარტივი თეორია [რატო ვხედავთ სიზმრებს და როგორ] და მოვახდინოთ მისი სიმულირება. როგორი სიზმრები შეიძლება ქონდეს მანქანას?

ამის გარდა, უკვე რამდენიმე ადამიანთან ვილაპარაკე აბსტრაქტულად და ვნახოთ რა გამოვა – ძალიან მინდა “ინტერაქტიული საფლავის ქვების” გაკეთება და ამას სტარტაპის სახე რომ მივცე. წარმოიდგინე შეკვეთით დამზადებული hi-tech საფლავის ქვები, რომლებიც მზის ენერგიაზე მუშაობენ და სადაც შეგიძლია გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრების “key” კადრებს უყურო ეკრანზე, ან თავად ამ ადამიანს ესაუბრო. არის კიდევ ბევრი იდეა, რომელიც არ დამისრულებია და არ მასვენებს. იგივე “სიზმრების რეგისტრაცია”, რომელიც დავიწყეთ რამდენჯერმე მაგრამ საჭირო ფინანსები არ გვქონდა და ოდესმე უნდა გავაკეთო როგორმე. ამის გარდა, ცოტ-ცოტა ვსწავლობ პროგრამირებას და სცენარის წერის “ხელობას” და ძაან მინდა ვცადო კომპიუტერული თამაშების სცენარებზე მუშაობა. ნუ ეს ესე, მოკლე და ცოტა აბსტრაქტული, მაგრამ არც ისე აბსტრაქტული, მონახაზებია გეგმების. სინამდვილეში, არ ვიცი რა როგორ მოხდება, შეიძლება ზეგ აღარ ვიყო ცოცხალი, ან თავისუფალი ქალაქის – სოხუმის მერობაზე წარვადგინო კანდიდატურა, ან  დავორსულდე ან წავიდე სირია-ერაყში და კოსმოსივით წყვდიადი დროშა ვაფრიალო ნინევიის ნანგრევებზე.


ავტორი ზურა ჯიშკარიანი
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *