The Tiger Lillies

ავტორი • 23/09/2016 • მუსიკაკომენტარი (0)163


3958_f030f3bf-0a36-8edb-fcc3-a63fcedbc4a9

THE TIGER LILLIES – სუიციდიდან დიარეამდე

ძალიანაც რომ მოვინდომო, მუსიკის კრიტიკოსი ჩემგან არ დადგება. მაშინა, როდესაც ჩემ თანატოლებს ცხოვრება ჰქონდათ გამწარებული დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სით, მე სოლფეჯიოზეც კი არ მივლია. გიტარაზე დაკვრის სწავლა ვცადე, მაგრამ ჩემი მასწავლებელი საღამოობით, მაშინ როცა გაკვეთილი უნდა გვქონოდა, მსხვილფეხა საქონელზე მცვლიდა და მხოლოდ ორიოდე გაკვეთილი ჩამიტარა სამი თვის მანძილზე. მერე უბრალოდ ხელი ჩავიქნიე და ალბათ ამიტომაც ხდება ჩემს mp3 player-ში აპოკალიპსი, სადაც ყველაფერს იპოვის ადამიანი ლოგიკის გარდა.

ამ აპოკალიპტურ ფლეილისტში კი, არის ჯგუფი, რომელიც მღერის სუიციდზე, ლობოტომიაზე, ბოზ დედასა და ქურდ მამაზე, სუტენიორ მამიდაზე, 7 მომაკვდინებელ ცოდვაზე, მარტოსულ შიზოფრენიკებზე და წვერებიან ქალებზე – მოკლედ ყველაფერზე, რაზეც სხვები მღერიან და იმაზეც, რაზეც სხვები არასდროს იმღერებენ.

სიმართლე გითხრათ, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც Tbilisi Open Air-ის ლაინაფი ვნახე. წელს, თბილისში, სწორედ იმ ჯგუფს მოვუსმენდი, რომელიც ლამის 5 წელია ყურებში ჩამძახის, რომ „არაფერი ცოდვა არ არის“ და რომ შეიძლება თავის მოკვლის მიზნით ტაბლეტები დალიო, მაგრამ თუ იმ ტაბლეტებს სწორად არ შეარჩევ, ერთადერთი რასაც მიიღებ დიარეა იქნება.

მოკლედ, 3 ივლისს, თბილისის ზღვიდან Tiger Lillies -ის არაპოლიტკორექტულობის სიომ დაუბერა. თუმცა სიო უადგილო სიტყვაა. ზედმეტად პათეტიკური და სუსტიც, რადგან  ზუსტად ცხვირწინ  ჩამიქროლა ქარის მოგლეჯილმა ტენტმა და მომენტალურად დამავიწყა, რომ დაპირებული ნახევარი საათის ნაცვლად მხოლოდ 9 წუთით შევძელი უნიკალური ფალცეტის მქონე მარტინ ჟაკთან პირისპირ დარჩენა. მარტინზე სიტყვაუხვი კონტრაბასისტი ადრიან სტოუტი აღმოჩნდა, რომელსაც სასაცილოდაც არ ეყო ჩემი შეკითხვა ბრეხტისა და საქართველოს კავშირზე და მომენტალურად მოახერხა ჩემში აღძრული მინი-ნაციონალისტური ვნებების ჩახშობა.

„ამ შემთხვევაში არანაირი სენტიმენტები არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველთვის საინტერესოა ჩახვიდე იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხარ. განსაკუთრებული დამოკიდებულება კი მხოლოდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერისადმი“ გვაქვს. სხვა პიესებიც არანაკლებ საინტერსოა ჩვენთვის, თუმცა, როდესაც საუბარია მუსიკალურ სტილზე გავლენის ქონაზე, სხვა ნაწარმოებებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ყოველთვის გვინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ მხოლოდ ახლა მოგვეცა ამის საშუალება, ამიტომ სიამოვნებით ჩამოვედით,“- აღნიშნა ბენდის კონტრაბასისტმა.

ცნობილია, რომ ჯგუფი პოსტ-საბჭოთა სივრცეს არც თუ იშვიათად სტუმრობს. რუსულ ჯგუფ Ленинград-თან ალბომიც აქვთ ჩაწერილი, სათაურით „Huinya” და როგორც მათ არაერთ ინტერვიუშია აღნიშნული, საუკეთესო ლაივები, როგორც წესი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქვთ ხოლმე.

„ძალიან გვიყვარს აღმოსავლეთში დაკვრა. აქ უფრო მეტია სპონტანურობა და ხალხიც ნაკლებად არის გაფუჭებული ფულით. უნდა ნახოთ, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, ეს მოწყენილსახიანი ადამიანები რომ ჩამოგიდგებიან და გიყურებენ როგორც უბრალო გამრთობს. აღმოსავლეთში კი ადამიანებს ნამდვილდ ეტყობათ, რომ აღფრთოვანებულები არიან იმით, რასაც უსმენენ,“- ამბობს მარტინ ჟაკი.

მართლა ძნელია მოისმინო Tiger Lillies-ის სიმღერები ემოციის გარეშე. თუმცა, მეეჭვება, ეს ემოცია ერთგვარი იყოს. ეს არის ბენდი, რომლის მუსიკამაც ან უნდა აღგაფრთოვანოს ანდა სამუდამოდ შეგაძულოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ინსპირაციის წყარო დანაშაული, სადისტური საბავშვო წიგნები ანდა უკიდურესად ზნედაცემულ ლულუზე შექმნილი პიესები (გერმანელი დრამატურგის ფრენკ ვედეკინდის პერსონაჟი) ხდება, ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ სინამდვილეში მათი თემატიკა სულაც არ არის უცნაური ანდა პროვოკაციული. მათი თემატიკა ზუსტად ისეთია, როგორიცაა ცხოვრება – მრავალფეროვანი, პერსონაჟებითა და ამბებით გაჯერებული.

„უკვე ვხსენეთ „სამგროშიანი ოპერა.“ იგივე ხდება იქაც, იგივე თემატიკაა. იქაც მღერიან პროსტიტუტებზე, ქუჩაზე, გარიყულ, მიჯნაზე მდგომ ადამიანებზე. ზუსტად ასეთია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ,“ – აღნიშნავენ ჯგუფის წევრები, „რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან თანამედროვეა პოლიტიკურად და უბრალოდ გავს იმას, რაც ხდებოდა ვაიმარის ეპოქაში. ჩვენ ვყვებით ადამიანებზე, რომელთა შესახებაც არავინ ლაპარაკობს, რომელთაც აიგნორებენ. ზუსტად იგივე თემებია ახლაც აქტუალური, რაც მაშინ. განსხვავება მხოლოდ დროშია. ამბების გადმოსაცემად კი ბევრ სხვადასხვა ხერხს ვიყენებთ: 20-30-იანების ჯაზს, ბლუზს, პოპს – სხვადასხვა ფერებს, რაც ამბავს უკეთეს მოსასმენს გახდის.“

ჯგუფის დისკოგრაფია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ალბათ „ფოტოესეს“ რამდენიმე ნომერიც კი არ ეყოფა მხოლოდ მათი ტექსტებისა და მუსიკის განხილვას. მათი ტექსტები იმაზე უფრო გულწრფელია, ვიდრე ადამიანები არიან ხოლმე საკუთარ თავთან. მათ ნებისმიერ ალბომში, აუცილებლად იპოვი ამბავს, რომელიც შეგაშფოთებს ისე მარტივად აღმოაჩენ, რომ შენც ან ლულუსავით ზნედაცემული ხარ, ან მამა გყავს ქურდი (თუმცა ბოზი მამიდის კონცეპტი უფრო ნაცნობი იქნება ჩვენთვის), ან საშინლად სასაცილო გამოდექი, როდესაც თავის მოკვლას ცდილობდი. ანდა უბრალოდ შენც ერთ-ერთი ხარ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რაღაცის მიჯნაზე, ყველასგან მოშორებით დგანან, რომელთა შესახებაც არავინ ლაპარაკობს.

 


ავტორი ლაშა ქავთარაძე
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *