რუსუდან გოცირიძე

ავტორი • 23/09/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)1009


dsc_1695რუსუდან გოცირიძე

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი კომუნალურ კულტურაში’

რუსუდან გოცირიძე იმ ადამიანთაგანია, რომელსაც საკუთარი იდენტობების გამო უამრავი სირთულის გადალახვა და ამ სირთულეების დაძლევაში სხვებისათვის დახმარება თანაბრად წარმატებულად გამოსდის. როგორია იყო საქართველოში უმაღლესი რანგის ქალი სასულიერო პირი, გვერდში ედგე საკუთარი იდენტობების გამო ჩაგრულ ადამიანებს და იცავდე მათ უფლებებს? სწორედ ამ უკანასკნელის გამო გახდა იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდოს 2014 წლის ერთ-ერთი მფლობელი.

“ჯილდოს ამბავი, ძალიან უცნაური ამბავია ჩემს ცხოვრებაში. რის გამოც ჩემი გვარ-სახელი იქნა შერჩეული, ის საქმიანობაა, რომელიც, ნებისმიერი ღვთისმსახურის მთავარი მოვალეობაა: თუ ვინმე ჩაგრული, დევნილი, შევიწროვებულია – მის გვერდით უნდა დადგე. ამის გამო ჯილდოზე დათანხმება არ არის ადვილი. მომიწია ვმდგარიყავი 9 საოცარი ქალის გვერდით, რომლებმაც ეს ჯილდო მართლა დაიმსახურეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე იდგნენ და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ. შენ კი, იმის გამო რომ გაჯილდოვებენ, რომ ვიღაცას ჩაგრავენ და ეხმარები, უხერხულია. ღვთის მსახურის მიერ განსხვავებული აზროვნების, რელიგიის, ორიენტაციისა თუ  სექსუალობის ადამიანის დახმარება რომ გამორჩეული ამბავია, ეს არ მგონია, კარგი იყოს.

გაბედავა მართავს ქვეყანას, პრემიერი თუ კანონი – საინტერესოა.

“მე საბჭოთა პროდუქტი ვარ, სადაც არავინ ლაპარაკობდა იდენტობაზე. ყველა ერთგვაროვანი უნდა ყოფილიყო, ერთნაირად უნდა გვეფიქრა პატრიოტიზმზე, სამშობლოზე, ლენინზე, საერთოდ ყველაფერზე. უკეთესი იყო, რაც მეტად ჩაჯდებოდი მეინსტრიმში, რაც უფრო მოერგებოდი სიტუაციას. ეს მარტო პოლიტიკურ დონეზე არ იყო, ეს იყო ცხოვრების წესი. ჩვენ ხომ ინდივიდუალური კულტურა არ გვაქს, უფრო, კომუნალური კულტურა გვაქვს, ანუ რა თემის წარმომადგენელი, ვისი გორისა ხარ –  ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია,  იცოდე და არ ამოვარდე თემისგან, ადათ-წესიდან, ტრადიციიდან, ჩვეულებიდან, რომელიც კრავს თემს.”

“ჩვენ პატარა ერი ვართ და ამიტომაც, ეს გასაგებია. ეს რომ მარტო საბჭოთა პროდუქტი იყოს, გაცილებით იოლად მოვიშორებდით, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ საბჭოთა სატკივარი – ჩემი გადასახედიდან. ვფიქრობ, რომ ერთგულება იმისა, რომ ერთნაირები ვიყოთ, განსხვავებული არ გვჭირდება, იმიტომ რომ ის მტერია, არის იმის ბრალი, რომ ხშირად დარბეული ერი ვართ, და არ ვართ რეალისტები.”

“ჩვენ არტისტული და პოეტური ხალხი ვართ. იდენტობაზე როცა არის საუბარი, ნიშნავს, ღრმად ჩახვიდე საკუთარ თავში და აღმოაჩინო, ვინ ხარ. მერე მიხვდე – შენ თუ ასეთი ხარ, შენს გვერდით ვინც არის, რა სიღრმის შეიძლება იყოს. მერე დააფასებ სხვების სიღრმეებსაც. ჩვენ ზედაპირული ხალხი ვართ, არ გვცალია სიღრმეებისთვის. ამიტომ, ზედაპირულად ვართ პატრიოტებიც, ქრისტიანებიც, რელიგიურებიც, მოქეიფეებიც, მშობლებიც, შვილებიც, ქალების პატივისმცემლებიც, წინაპრების პატივისმცემლებიც. ეს არის პრობლემა და ვთვლი, რომ ადამიანი, ჯერ თვითონ უნდა მიხვდეს, ვინ არის, რა არის, სად არის და ამას როცა მიხვდება, მიხვდება, სადაც დგას, რატომ დგას და სადაც არ დგას – რატომ არ დგას.”

“საკუთარ იდენტობაში გამორკვეული, 40 ათასი ადამიანის ერთ დასტვენაზე თავმოყრა, ვიღაცების საცემრად, ადვილი აღარ არის. ადამიანები თვითონ რომ იყვნენ გარკვეულნი ვისთვის, რისთვის, სად მიდიან, თვითონ ვინ არიან, ან ვისაც მისდევენ, ისინი ვინ არიან, ან ვის გვერდითაც დგანან ვინ არიან – ამისთვის სულ ცოტა დრო რომ დახარჯონ ფიქრისთვის, ამდენ ადამიანს, ძალადობისთვის ვეღარ გამოიყენებ.”


ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი
ესაუბრა ნატა ავალიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *