ლევან ხერხეულიძე

ავტორი • 23/09/2016 • სტუმარიკომენტარი (0)443


ლევან ხერხეულიძე
ფოტოგრაფი

ხშირ შემთხვევაში ჩემს ფოტოგრაფიას მძიმეს უწოდებენ და დეპრესიულად აღიქვამენ.  თუმცა მე არ მჩვევია დეპრესიის გადაღება. პირდაპირი გაგებით, დეპრესიაც არასოდეს მქონია.

მე ვიღებ ორ მდგომარეობას, რომელსაც ხშირად დეპრესიაში ერევათ: პირველი – არის მარტოობის განცდა, რომელსაც იწვევს გამოსახულება. ყოველი ადამიანი სიღრმეში მარტოა. ვინც არ უნდა  გყავდეს გვერდით და ვისთანაც არ უნდა გქონდეს სულიერი სიახლოვე, მარტოობას მაინც ვერავინ გაექცევა. და მეორე – მდგმარეობა, როდესაც ადამიანი თავის თავთან მარტოა, რაც თავისთავად ცუდად ყოფნას არ გულისხმობს. უბრალოდ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანი კონკრეტულ ემოციებს იწვევს და, აი, ამ ემოციების დაჭერა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ჩემი ფოტოგრაფია  შესაძლებელია რაღაც თვალსაზრისით დეპრესიულიც იყოს, რადგან მე თვითონ ინტროვერტი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ძალიან ჩაკეტილიც ვარ. უმეტესად მე ვარ სხვებით დაკავებული, ვიდრე სხვები – ჩემით.

ჩემი აზრით, დეპრესია ადამიანს ეხმარება, რომ ის საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. ასეთ სიტუაციაში ყოფნისას თუ ეს შეგიძლია, ეს უკვე კარგია.  როგორც წესი, დეპრესიას ცოტა მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე, სასურველი კი ისაა, რომ ადამიანები საკუთარ თავს უღრმავრდებოდნენ და  მასში თუ მის გარეთ პოზიტივს ეძებდნენ.

დეპრესია მეტწილად მაინც ნეგატივს გულისხმობს. ჩემს შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. მე უბრალოდ რეფლექსიის  ხანგრძლივი პერიოდები მაქვს. თუმცა ბევრი ფიქრიც არაა სასარგებლო. მოქმედება ფიქრთან ერთად – ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩემი მთავარი მინუსი ბევრი ფიქრი და ნაკლები მოქმედებაა, თუმცა ეს დეპრესიული მდგომარეობა მაინც არ არის.

ჩემს ფოტოგრაფიაში მუდამ იგრძნობა იდუმალების ელემენტი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ეს არის გამოსახულება, რომელიც გითრევს, სადღაც მიყავხარ და სიღრმისკენ გექაჩება.

დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს არ უყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მასზე სიმართლის გაგებაც კი. მე კი ყველაზე მეტად ჩემი სწორედ ის ფოტოები მიყვარს, რომლებიც ადამიანის ხასიათის იდუმალ და ფარულ თვისებებს ამხელენ…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *