სიხა

ავტორი • 23/09/2016 • მუსიკაკომენტარი (0)120


სიხა

მუსიკოსი

„მგონი, რაღაც გაორება მაქვს. ნაწილობრივ, მუსიკით ვარ დაკავებული და მეორე, ალტერნატიული ჩემი თავი კი მედიცინაშია. უფრო თეორიულ მედიცინაში – ვასწავლი. ესე მოხდა, გაუცნობიერებლად. მუსიკა ადრეული ასაკიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, მედიცინა კი სტანდარტული არჩევანი იყო.“

არც მიცდია, რომ თავი დამენებებინა მუსიკისთვის, ვერც დავანებებ.

ჯერ იყო ბენდი, მერე ვიყავი მარტო, მერე დავიწყე დიჯეობა და ეს ყველაფერი ესე ერთად. კარგი ბენდი მყავდა, “Afternoon Version” ერქვა. ახლაც არსებობს, ოღონდ ვირტუალურ და ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში.

დიდი ხანი მქონდა კომპლექსი, საერთოდ მუსიკოსი ვარ თუ არა. იმდენად ფორმალურია მედიცინა თავისი ტიტულებით და განათლების ფორმატით, რომ ყოველთვის მეგონა, მუსიკაში, ზოგადად, ხელოვნებაშიც აუცილებელია რაღაც ქაღალდები, დიპლომები. მერე ბენდის ერთმა წევრმა, ჩემმა მეგობარმა და პროფესიონალმა მუსიკოსმა მითხრა, არასწორად ფიქრობ, რადგან რეალურად არავინ განსაზღვრავს, არტისტი ხარ თუ არაო.

Contemporary ქართულად  “თანამედროვეს” ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ ას არ კმარა – აქტუალური, თან თანამედროვე და კიდევ რაღაც. ახალი ტრეკიც,რომელზეც ახლა ვმუშაობ და საერთოდ რასაც ვაკეთებდით, თავიდან, ვცდილობდით არაკომერციული ყოფილიყო, არა პოპ დატვირთვის. საბოლოო ჯამში, მივხვდით, რომ პოპი ყოველთვის ნეგატიურ დატვირთვას არ ატარებს, რადგან თითქმის ყველა ის არტისტი, რომელიც ჩვენ ვიცოდით, ვიცოდით იმიტომ, რომ იყო პოპულარული. თუმცა, ყოველთვის, როცა ვაკეთებ მუსიკას, ოდნავ მაინც ვიხრები ექსპერიმენტისკენ.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი მუსიკის შექმნის პროცესს. 90-იანებში და მერეც, თითქმის შეუძლებელი იყო მაღალი ხარისხის პროდუქტი შეგექმნა სახლის პირობებში. დღეს ერთი ლეპტოპითაც შგიძლია საკმაოდ სერიოზული განაცხადები გააკეთო.

მე თვითონ შევიქმენი ეს ურთიერთგამომრიცხავი დიქოტომია ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ კი ვერც ერთ სფეროში ვერ ვრეალიზდი ბოლომდე – მე ესე ვთვლი. მე ასე ვიტყოდი – უფრო კარგი მუსიკოსი მინდა ვიყო, ვიდრე ექიმი. სადღაც წავაწყდი, შაბლონური ფრაზა იყო ესეთი  – “music is not my hobby, it’s my passion”. ჩემს შემთხვევაში ასე იყო – “my education is medicine and my passion is music” – ქაოსი.

იმ რეალობების მსხვერპლი აღმოვჩნდი, რომელშიც ვცხოვრობდი. საქართველოში ბაზარი არ არსებობდა, ახლაც ასეა. მინდოდა ჩამებარებინა სადმე მუსიკალურ დაწესებულებაში, მაგრამ მწირი არჩევანი იყო, ახლაც ასეა. თან მაშინ მშობლებთან ბრძოლა ვერ მოვიგე, არ მეყო “რევოლუციონერობა” თუ გამბედაობა.
მერე 12 წელი ვიყავი ემიგრაციაში. ემიგრანტის სტატუსით წასვლა ბევრ ბარიერს ქმნის. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ეს ის რეალური პრობლემები იყო, რაც მე დამხვდა ცხოვრებაში. ახლა რომ ვიწყებდე თავიდან, პირდაპირ მუსიკაში გადავინაცვლებდი.

თუ იცი, რისი კეთება გინდა, აუცილებლად ეგ უნდა აკეთო. თუ არ იცი და სულ ერთია, მაშინ შეიძლება იფიქრო პრაგმატულად.

მინდა მქონდეს რამდენიმეწლიანი კონტრაქტი ლეიბლთან, რომელთან ურთიერთობაშიც, მაქსიმალურად დავიხარჯები მუსიკალურად, ამით ვიარსებებ და არ მექნება სხვა საფიქრალი. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ შევქმნა პროდუქტი, რომელიც იქნება მოთხოვნადი ისეთ დონეზე, რომ მე არ ვიფიქრო სხვა რაღაცების კეთებაზე, გარდა იმისა, რომ ვაკეთო მუსიკა.


ფოტო: ქეთა ღვინეფაძე
ესაუბრა: ნატა ავალიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *