ჯეი ჯეი იოჰანსონი

ავტორი • 22/09/2016 • მუსიკაკომენტარი (0)254

‘Whisky, Poison, Opium’

მიუხედავად ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონცერტებით გადატვირთული მუსიკალური ზაფხულისა, კერძო ინიციატივები მაინც ახერხებენ ქართველი მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკისა და მუსიკოსების გაცნობას. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა Muzame, რომელიც სულ რამდენიმე თვეა არსებობს და რომელიც, წამოწყების ავტორების თქმით, საპრომოუტერო კომპანიაზე მეტად, ემოციების გაზიარებისა და ეიფორიის პროცესია. Soap & Skin-ის შემდეგ, ქართველ მსმენელს ტიპ ჰოპისა და სინთპოპის ჟანრში ცნობილი შვედი მომღერალთან და კომპოზიტორთან ჯეი ჯეი იოჰანსონთან შეხვედრის საშუალება მისცა Muzame-მ. მსმენელთან შეხვედრამდე, მუსიკოსსთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება ჰქონდა Photoessay-ს, რომელსაც ჯეი ჯეი თავის კარიერაზე, მუშაობის პროცესსა და ქართველ აუდიტორიასთან შეხვედრის მოლოდინებზე ესაუბრა.

3958_522b36a9-a1bf-509d-374d-96862e03ba40

– 2013 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ: „ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ არტს ან დიზაინს გავყვებოდი ცხოვრებაში, ხოლო მუსიკა ჩემი ჰობი იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მუსიკა ჩემს საქმიანობად იქცა, არტი კი ჰობად.“ რამ განაპირობა თქვენი ეს არჩევანი და რატომ შეცვალეთ პრიორიტეტები?

-ბავშვობაში, ჩემი მთავარი გატაცება მუსიკა იყო. თუმცა, რამდენიმე წელში მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა ამ სამყაროში შესაღწევად. ამიტომაც, გადავწყვიტე, ჩემს რიგით მეორე გატაცებაზე არტზე ვკონცენტრირებულიყავი. თუმცა მაშინ ვფიქრობდი, რომ არც ხელოვნებაში გამომივიდოდა რამე და მივიღე გადაწყვეტილება, არქიტექტურის 4-წლიან სკოლაში შევედი. არქიტექტურის შემდეგ, 4 წელი არტ-სკოლაში ვისწავლე. სწორედ ამ პერიოდში გავაგრძელე მუსიკაზე მუშაობა და ბევრი სიმღერა დავწერე. არტ-სკოლის დასრულების შემდეგ, სამ მეგობართან ერთად, დიზაინის ბიურო დავაარსე სტოკჰოლმში, რაც ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო. იმავე წელს, ზაფხულში, ამ მეგობრებიდან ერთ-ერთი 30 წლის ხდებოდა. იცოდა, რომ მე სიმღერებს ვწერდი და მთხოვა მისი დაბადების დღეის წვეულებაზე მემღერა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. წვეულებაზე იყო BMG Records-ის თანამშრომელიც და ფაქტობრივად, ფართიდან პირდაპირ სტუდიაში წამიყვანა ჩემი სიმღერების ჩასაწერად. სწორედ ეს ჩანაწერები შევიდა ჩემს პირველ ალბომში ‘Whisky’. პირველი ალბომს მოჰყვა წარმატება 1996 წელს. თუმცა, არა შვედეთში. ეს არის ქვეყანა, სადაც მე ყველაზე ნაკლებად პოპულარული ვარ. ვერ გეტყვით რა არის ამის მიზეზი. ალბათ ჯობს ეს შვედებს ვკითხოთ, თუმცა ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პრივილეგიაა, რომ ექსტრემალურად მშვიდი სიტუაცია გაქვს სახლში და შეგიძლია, იმუშაო ყველანაირი ხელშეშლის, სტრესის გარეშე. გაცილებით მომწონს სიტუაცია, რომელშიც ვარ. საკუთარი აუდიტორია მყავს თითქმის მთელ მსოფლიოში, შვედი არტისტების უმეტესობისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ შვედეთში მუშაობენ და არასდროს გასცილებიან ქვეყნის საზღვრებს. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მდგომარეობით.

3958_0f8d1b40-5b74-7da4-0c66-986adb2dc450

-არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ მუშაობისთვის განსაკუთრებული პირობები არ გჭირდებათ და მხოლოდ ფურცელი და ფანქარიც საკმარისია სიმღერის დასაწერად. მოგვიყავით თქვენს შთაგონებაზე, რა განგაწყობთ მუსიკის შესაქმნელად და როგორ პოულობთ თემებს ახალი სიმღერებისთვის?

 -მართალია. მხოლოდ ფურცელი და ფანქარი მჭირდება მუშაობისთვის და თუ ფურცელი და ფანქარი თან არ მაქვს, შემიძლია ჩემი ტელეფონი გამოვიყენო ამისთვის. თუმცა, სიმღერების წერა არის ის პროცესი, რა დროსაც ყველაზე მეტად ვცდილობ, შთაგონებას თავი დავაღწიო. ეს იმისათვის, რომ სიმღერის ძირითადი ნაწილი იყოს შეძლებისდაგვარად პერსონალური და უნიკალური. ხოლო როდესაც საქმე მიდგება დამუშავებასა და პროდაქშენზე, ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვჭირდება ხოლმე ინსპირაცია. ესეც დამოკიდებულია თავად სიმღერის ხასიათსა და სტრუქტურაზე. გააჩნია, როგორია სიმღერა, გვინდა თუ არა რომ დამუშავების შემდეგ ის უფრო სინემატოგრაფიული და დრამატურგიული გახდეს, თუ უფრო არტისტული, ასე ვთქვათ, Burial-ისა და Jamie XX-ის სტილის უნდა გამოვიდეს. არაერთი ვარიანტია ხოლმე სიმღერისთვის საბოლოო სახის მისაცემად. რამდენადაც ვხვდები, არტისტები ჩემს მასალას საკმაოდ ადვილად იყენებენ რიმეიქებისთვის. სწორედ ამ მასალის შექმნისას, მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო შთაგონებებს.

3958_6eaf59e5-b6ed-6ca5-6e23-3e02990fb208

– თქვენი მუსიკა არის მელანქოლიურობისა და მელოდიურობის დახვეწილი ნაზავი, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენს, ადამიანების ყოველდღიურ ბედნიერებებთან და დეპრესიებთან არის კავშირში. შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი მუსიკა თქვენს ყოველდღიურ განწყობებს ასახავს?

– კი, კი, ვფიქრობ რომ ასეა. ადრე, თინეიჯერობიდან მოყოლებული, ალბათ ბოლო პერიოდამდე, ვიდრე ჩემი შვილი დაიბადებოდა (რადგან შემდეგ, ამის დრო აღარ მქონდა), თითქმის ყოველ დღე ვწერდი დღიურს. ჩემი პირველი ოთხი-ხუთი ალბომის თითქმის ყველა სიმღერის ტექსტი პირდაპირ დღიურიდან იყო აღებული. თუმცა, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დღიურის წერა შევწყვიტე, უფრო მეტად კონკრეტულ სიტუაციებზე ვაკეთებ რეფლექსიას. სიტუაციებზე, რომლებსაც ვხედავ ჩემ გარშემო ან ვგრძნობ. ნამდვილად ასეა, თუკი მინდა რომ დავწერო, განცდილი უნდა მქონდეს ეს ყველაფერი ან უნდა ვხედავდე, რომ ეს ჩემ გარშემო ხდება.

– აქვე გკითხავთ მუსიკალურ გავლენებზე. რას უსმენდა ჯეი ჯეი იოჰანსონი ვიდრე პროფესიონალი მუსიკოსი გახდებოდა და რას უსმენს ახლა, ყოველდღიურად?

– ჩემი ყოველდღიური ფლეილისტი, რა თქმა უნდა, იცვლება. თუმცა ჯგუფი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუსმენდი და ვუსმენ არის The Velvet Underground. ასევე, ჯგუფის წევრები, რომლებმაც სოლო კარიერა გაიკეთეს ჯონ კეილი, ლუ რიდი, ასევე, Nico. ბავშვობაში მუსიკის მოსმენა ჰარდ-როკით დავიწყე, თუმცა 70-იანების ბოლოს, აღმოვაჩინე ემბიენტ მუსიკა, ბრაიან ინოუ, რიუიჩი საკამოტო. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ელექტორნული სცენა აღმოვაჩინე – Kraftwerk, Yellow Magic Orchestra. რა თქმა უნდა, თინეიჯერობისას, ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბრიტანული New Romanticism მიმდინარეობა, 80-იანების ინდი სცენა, Cocteau Twins და ა.შ. რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე. თუმცა ასევე დიდ ინსპირაციას ვიღებ ახალი არტისტებისგან, რომლებიც დღეს არიან აქტიურები როგორც ელექტრონულ, ასევე სხვა სცენებზე. თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ჩეტ ბეიკერი და The Velvet Underground იყვნენ ისინი, ვინც ყველაზე მეტად მოახდინეს ჩემზე გავლენა.

3958_f4680bc4-2383-a170-14ab-e01af73ed9c9

– მუსიკალურად საკმაოდ ნაყოფიერი არტისტი ხართ, თითქმის ყოველ 2 წელში ერთხელ, ახალ ალბომს სთავაზობთ მსმენელს. თვალი რომ გადაავლოთ თქვენს დისკოგრაფიას, რომელ ალბომს თვლით პირადად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნად?

– ნებისმიერი არტისტისათვის სადებიუტო ალბომი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. 20 წლის წინ, როდესაც Whiskey (1996) ჩავწერე, ეს ნამდვილად ჯადოსნური მომენტი იყო ჩემთვის. თუმცა, ჩემი რიგით მესამე ალბომი Poison (2000) ერთგვარი კარიერის პიკი გახლდათ. მანამდე, ჩემი ალბომები არასდროს გაყიდულა ამ ოდენობით და არასდროს მყოლია ამხელა აუდიტორია, როგორც ეს Poison-ის ტურის დროს მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უფრო ადვილი იყო მუშაობა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიცნობდნენ, ხოლო ‘Poison’-ის წარმატების შემდეგ, გამეხსნა კარი ამერიკაში, ჩინეთში, რუსეთში და დავიწყეთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, შესაბამისად გართულდა კონცენტრირება ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე და მუშაობაც ყველაზე რთული მაშინ იყო, ‘Poison’ კარიერის ნამდვილი პიკი გახდა. კიდევ ერთი ალბომი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის ‘Spellbound’ (2011). თითქმის მთელი ალბომი სახლში, ჩემს ოთახში ჩავწერე და ეს რელიზი განსაკუთრებულად ინტიმური და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან ამაყი ვარ ალბომის ‘The Long Term Physical Effects Are Not Yet Known’-ის გამო. ვფიქრობ, ‘Opium’-იც (2015) ძალიან კარგი გამოვიდა. იმაზე უკეთესი, ვიდრე დასაწყისში ვფიქრობდი რომ გამოვიდოდა. აქვე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიხარია ახალ ალბომზე მუშაობაც, რომლის 6-7 სიმღერაც თითქმის დამთავრებული გვაქვს და სადაც, საერთო ჯამში, 15-მდე სიმღერა შევა.

– სწორედ ამაზე გვინდოდა გვეკითხა, ინტერვიუს დასასრულს, რას უნდა ელოდოს მსმენელი განსხვავებულს ჯეი ჯეი იოჰანსონის ახალი ალბომისგან, იქნება თუ არა მასში ექსპერიმენტები?

– მსმენელი აუცილებლად მიცნობს. ალბათ რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, რადგან მე, ჩემი ხმა და ჩემი სტილი კვლავაც ცენტრალური იქნება. თუმცა, ვცდილობთ ცოტათი გავაძლიეროთ ტემპი, მაგალითად ბოლო ჩანაწერებთან შედარებით. ასევე, ალბათ პროდიუსინგის ეტაპზე, ცოტა უფრო მეტად ვიქნებით ექსპერიმენტულები. ვფიქრობ ფრანგ პროდიუსერთან თანამშრომლობაზეც, რომელმაც ჩემს ბოლო ალბომზე იმუშავა. ახლა ვცდილობთ, რომ თანამშრომლობისთვის დრო გამოვნახოთ, რათა ერთ-ერთი სიმღერა მასთან ერთად დავამუშავო, თუმცა თუ არ გამოვა, არც ეს იქნება დიდი პრობლემა. ყოველთვის ვცდილობდი, თავი ამერიდებინა კოლაბორაციისგან, რადგან მაინც და მაინც ერთობლივი ნამუშევრების მომხრე არ ვარ. საერთო ჯამში, იქნება ექსპერიმენტები, თუმცა არა რადიკალური. მსმენელი აუცილებლად იფიქრებს, რომ ეს ტიპური ჯეი ჯეის ჩანაწერია, თუმცა ჩემთვის საკმარისად ექსპერიმენტულია.

3958_79c22fb4-1e77-9867-e397-ce7b391c2ead

– ბოლოს, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენს Facebook-ის გვერდზე დაწერეთ, რომ ძალიან გაინტერესებდათ აქაურ მსმენელთან შეხვედრა, ძველმანების ბაზრობისა და სკეიტ-პარკის მონახულება. როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოში პირველი ვიზიტისა და ქართველი აუდიტორიის შესახებ?

– საქმე ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩავდივართ, წარმოდგენაც არ გვაქვს თუ როგორ ჩაივლის ვიზიტი. ლეიბლს თითქმის არ აქვს ინფორმაცია, არ იცის რამდენი ჩანაწერია გაყიდული და შესაბამისად, ძალიან ძნელია გაზომო, რას უნდა ელოდო. ახალ ქვეყანაში პირველა გამოსვლისას დიდ იმედებს არასდროს ვამყარებ ხოლმე. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩები. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი კონცერტი 35 ძვირფასი, უერთგულესი მსმენელის ფონზე ჩატარდება თუ 1500 ადამიანის. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სასიამოვნოდ ჩაივლის. პატარა აუდიტორიას თავისი ხიბლი აქვს – შეგიძლია მსმენელებს თვალებში უყურო, შეგიძლია გქონდეს პირდაპირი კონტაქტი. ასევე თავისი ხიბლი აქვს დიდ აუდიტორიასაც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთგვარად დაკარგო პრივატულობის განცდა. დარწმუნებული ვარ, იმედი არ გამიცრუვდება.

P.S. ჯეი ჯეიმ თბილისის ივენთ ჰოლის სცენაზე 20 სიმღერა შეასრულა, მათ შორის, ქართველი მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი “It hurts me so”, „She Doesn’t Live Here Anymore“, “Believe in us” და ა.შ. როგორც მოგვიანებით საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, მომღერალმა კმაყოფილმა დატოვა თბილისი და დაგვაიმედა, რომ „he will be back in town.“ თავის მხრივ, სულ მალე, Muzame არანაკლებ კარგი ხელოვანების კონცერტებს შესთავაზებს მსმენელს. 


ავტორი: ლაშა ქავთარაძე
ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *