ელენე კვერნაძე

ავტორი • 22/09/2016 • სტუმარიკომენტარი (0)1058

დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი

elene

საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვა, ადასტურებს რომ ოჯახის ინსტიტუტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
ცოტა ირონიულია ეს შედეგი, რადგან სწორედ ოჯახური ძალადობაა საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და არასათანადოდ აღრიცხული დანაშაული…
რას ნიშნავს ჩვენთვის ოჯახი? ნუთუ იმ გარემოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიკურ ზიანს აყენებენ? გარემოს, სადაც თავს დაუცველად და დაჩაგრულად გრძნობ… შეგვიძლია ოჯახი უწოდოთ?
ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში ხდება, ყველა კულტურასა და სოციალურ ფენაში.  მისი გამომწვევი მიზეზი არ არის არც გაუნათლებლობა, არც სიღარიბე, არც ნარკომანია და სტრესი. ოჯახური ძალადობის მიზეზი ყოველთვის ერთია – ოჯახის წევრის სურვილი, ჰქონდეს კონტროლი და ძალაუფლება მეორეზე, და ის ამისთვის ყოველთვის მოძებნის მიზეზს და გამონახავს ფორმას.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით მკაფიოდ პატრიარქალურ, ტრადიციულ, ჩაკეტილ  საზოგადოებაში მჟღავნდება, როგორიც საქართველოა.  ასეთი გარემო ახალისებს შეხედულებებს, რომ მაგალითად, ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და მაშასადამე კაცს უფლება აქვს, როგორც უნდა ისე მოექცეს მას. რომ ცოლმა (ან ქმარმა) შეურაცხყოფა, ძალადობა, დამცირება, უნდა ითმინოს რათა შეინარჩუნოს ოჯახი.  ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდი, მისი უფლებები და ბედნიერება. და რაც მთავარია რაც ხდება ოჯახში, ოჯახშივე უნდა დარჩეს.
“დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი” არის მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ოჯახურ ძალადობაზე. რა არის? სად ხდება? რა იწვევს? რა არის ძალადობის სახეები და ნიშნები? ვინ შეიძლება გახდეს მსხვერპლი? და ა.შ.

ეს ძალზედ რთული და კომპლექსური პრობლემა ერთი რაიმე კონკრეტული მოქმედებით  ვერ გადაიჭრება. უნდა არსებობდეს სათანადო კანონები, რომლებიც იცავენ მსხვერპლს და სჯიან მოძალადეს, უნდა ხდებოდეს ამ კანონების ეფექტური იმპლემენტაცია, უნდა არსებობდეს საკმარისი რაოდენობის თავშესაფრები, სადაც მსხვერპლს საშუალება ექნება მიიღოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია,  იურიდიული დახმარება, მაგრამ ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ელემენტარული პროფესიული განათლება/ტრეინინგი, რომ შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა.

ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი კი ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობაა. უნდა შეიცვალოს შეხედულება, რომ ოჯახური ძალადობა არ არის საზოგადოების საქმე და პრობლემა. უნდა შეწყდეს თვალების დახუჭვა, და პრობლემის იგნორირება. ოჯახური ძალადობა იმდენად საყოველთაოა, რომ თითოეული ჩვენთაგანი იცნობს ძალადობის მსხვერპლს. ზოგიერთმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ არჩევს გაჩუმდეს, ზოგიერთმა არც იცის, რადგან ეს ტაბუირებული თემაა და მსხვერპლი ამას არ ან ვერ ამხელს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსხვერპლს ხშირად დაკარგული აქვს ხმა და უძლურია ძალადობის წინაშე. ჩვენი, როგორც საზოგადოების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა დავინახოთ, გავიგოთ და დავარღვიოთ დუმილი.

ელენე კვერნაძე
საქართველოს გაეროს ასოციაცია
მოძრაობა “დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილის” დამფუძნებელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *