გოგი გვახარია

ავტორი • 21/09/2016 • სტუმარიკომენტარი (0)374


ქართულ კინოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე თუნდაც 5-10 წლის წინ. ეროვნული კინოცენტრის იდეამ, როგორც ჩანს, გაამართლა – ის ფილმები, რომლებიც კინოცენტრის დახმარებით გადაიღეს უჩვენეს დიდ კინოფესტივალებზე, მათ ჰქონდათ კარგი კრიტიკა, “ქართული კინოს კრიზისზე” და მითუმეტეს “ქართული კინოს გარდაცვალებაზე” აღარავინ ლაპარაკობს. თუმცა საერთო დონე კვლავ დაბალია, “გაურკვეველი ხალხი” იღებს ლაზღანდარობას, რომელსაც თავად “კინოს” ეძახის; კინო არის – გამოსახულება, არის დროის და ფაქტურის შეგრძნება, ფონის შეგრძნება, დრამატურგია და მსახიობი, რომელმაც მინიმუმ ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც რეკლამაში და მითუმეტეს კომედიურ ტელეშოუში. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ; ამ ფილმებში არ იგრძნობა რა აწუხებს დღეს საზოგადოებას, უბრალოდ, ადამიანს.

ქართულ კინოში არც ფულის ნაკლებობაა მთავარი პრობლემა და არც კრეატივის დეფიციტი – ქართული კინოს პრობლემა ისევ ზედაპირულობა და აზრის, სახიერების შეზღუდულობაა. კინემატოგაფისტებს, მათ შორის ახალგაზრდებს, კვლავაც ეშინიათ “მხატვრული რადიკალიზმის” და რაც მთავარია, ისეთ თემებთან შეჭიდების, რამაც საზოგადოების მძაფრი (თუნდაც უარყოფითი) რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.

ქართველი რეჟისორების ძველი პრობლემა ისაა, რომ მათ არ უყვართ სხვისი ფილმების ყურება. შესაბამისად ან “ველოსიპედს იგონებენ”, ანდა უსაშველოდ ჩამორჩებიან ხოლმე კინოში მიმდინარე პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ, ბოლოს დროს, მდგომარეობა გამოსწორდა, განათლება და პროფესიონალიზმი მაინც მთავარი საკითხია.

თავის დროზე, რუმინეთის ეროვნულმა კინოცენტრმა თემატური კონკურსები გამოაცხადა, ანუ იდეები შესთავაზა რეჟისორებს. ასე გაჩნდა თანამედროვე რუმინული კინო. ჩემი აზრით, საუკეთესო დღევანდელ მსოფლიოში. არადა რუმინული კინო ყოველთვის ყველაზე სუსტად ითვლებოდა აღმოსავლეთ ევროპაში. ქართული კინოს ადგილიდან დაძვრას დაეხმარება ეროვნული პროგრამის შემუშავება და ამ პროგრამაში საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენის ჩართვა. მეორე – აუცილებლად უნდა არსებობდეს კინოჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდება კრიტიკული წერილები ახალ ფილმებზე, თუნდაც ონლაინ სახით. ჩვენ გვყავს კარგი კინოკრიტიკოსები, რომელთაც ტრიბუნა და მხარდაჭერა სჭირდებათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *