ნინო მგალობლიშვილი

ავტორი • 03/09/2016 • მოდაკომენტარი (0)155


ნინო მგალობლიშვილი
დიზაინერი

“პოდიუმი სხვისთვის” 

საიდან ჩანს შუქი ყველაზე უკეთ, თუ არა სიბნელიდან?

მისი ცხოვრების ადრეული ეტაპი სწორედ სიბნელეს დაემთხვა. სიბნელეს, საიდანაც ევროპის პოდიუმების ბრწყინვალება თვალისმომჭრელად ჩანდა.

Alexander McQueen, Issey Miyake, Jean Paul Gaultier… ეს იმ სახელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გვერდით თავისი სახელის დაწერა ყოველთვის უნდოდა. პერსპექტივაც საკმაოდ იმედისმომცემი ჰქონდა, თუმცა ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ოცნებებიც და მათი ახდენის გზებიც ხანდახან უბრალოდ იცვლება.

ხატვა უყვარდა – კარგადაც გამოსდიოდა და თავისი ნამუშევრების მიმართ პროფესორების დაუფარავ აღფრთოვანებასაც სიამაყით იხსენებს.

„არ ვიტყვი რაღაც უცნობ ჭეშმარიტებას: ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს – გზა, რომელსაც ირჩევს და, რომელსაც, მთელი ცხოვრება მიჰყვება. ჩემი გზა – ჩემი გათვითცნობიერებული არჩევანია: ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს. მიყვარს მოდის დიზაინი და ყოველივე, ვინც და რაც მის გარშემო ტრიალებს.

ბავშვობაში ხატვა მიყვარდა. კარგად ვხატავდი. ნახატები ყველას მოსწონდა. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ვაკეთებდი თოჯინებს, რატომღაც ძალიან უშნოებს, ვუკერავდი კაბებს, ვურეცხავდი, ვპრანჭავდი… აბიტურიენტობის დრო რომ დადგა, მხოლოდ სამხატვრო აკადემიაში ვხედავდი ჩემს თავს. ძალიან კარგად ჩავაბარე, უმაღლესი ქულები მივიღე სპეციალურ საგნებში, მაგრამ, ქართულ წერაში დაბალი ქულის გამო კინაღამ გარეთ დავრჩი. როგორც იტყვიან, – „კინაღამ არ ითვლება“. გავხდი აკადემიის სტუდენტი. აკადემიის მაშინდელ რექტორს, გამოცდების დროს უთქვამს ჩემზე: ნეტავი ყველა ასეთი ნიჭიერი აბარებდეს აკადემიაშიო. რატომ არ უნდა გავიხსენო ეს სიტყვები, როცა მეამაყება… ძალიან მაფასებდა როგორც სტუდენტს“.
აკადემია წარმატებით დაამთავრა, შემდეგ იყო fashion კონკურსი, საიდანაც კარი, რომლის წინაც, მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად დგახარ და ელოდები – გაიღო. თუმცა გარემოებები, ყოველთვის ისე არ ბრწყინავს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და წარმატებით გამოწვეულმა თავბრუსხვევამაც მალე გაიარა.

„აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე. 90-იანების საშინელი ბოლო წლები მძვინვარებდა. შიმშილი, ყინვა, სიძულვილი… . სრული ენტროპია ირგვლივ. ამ დროს ვიღაცამ  Fashion-კონკურსი გამოაცხადა. შედეგად, მე და გიორგი ნადირაძე აღმოვჩნდით მოსკოვში ვალენტინ იუდაშკინთან! იმ პერიოდის იუდაშკინის  ფიგურა დღევანდელ Maison Martin Margiela-ს ფენომენს შეიძლება შევადაროთ. მან ჩვენი ესკიზები (ჩემი და გიორგის) დიდხანს ათვალიერა, ბოლოს ვერ დამალა აღფრთოვანება: ასეთი მხატვრები ჩემს სახელოსნოში არ გვყავსო. მიგვიღო თავის სახელოსნოში. მაგრამ, ჩვენს „მეცენატებს“ რატომღაც გეგმა შეეცვალათ. იუდაშკინს დაჰპირდნენ ბავშვებს სექტემბერში ჩამოგიყვანთო, ჩვენ კი თბილისში დაგვაბრუნეს. მას შემდეგ, ის ადამიანები თვალითაც აღარ გვინახავს.

მერე დაიწყო ის, რაც კიდევ კარგა ხანს არ აპირებს გაჩერებას…

„სრულიად ახალგაზრდა შემიშვეს აუდიტორიაში, პედაგოგად. აი მაშინ მოხდა ჩემი გეგმების კორექტირება. ჩამოვყალიბდი მიზნებში. ოცნებებში პოდიუმს ავემშვიდობე, დავფუძნდი აუდიტორიაში. სუპერსტარი რომ მეგონა ჩემი თავი, მივხვდი, როგორი უზარმაზარი შრომა მელოდებოდა წინ, ახალი ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების  მოძიება/ათვისება, სტუდენტებთან ამ  ცოდნის დამუშავება, გადაფასება… ეს მუდმივი შრომა და ბრძოლა დღესაც გრძელდება – სუბიექტური თუ ობიექტური დაბრკოლებების მიუხედავად.“

განათლების სისტემაში მუშაობისა და თაობებთან ურთიერთობის გამოცდილება, ასაკთან შედარებით დიდი აქვს, თუმცა, როგორც ყველას, მასაც, უჭირს თქვას თუ რას და როგორ უნდა სწავლობდნენ მომავალი დიზაინერები კონკრეტულად. თუმცა ის ადამიანი არ არის ხელებჩამოშვებული მიყვეს დინებას, და ამჯერადაც ძიებას იწყებს:
„ისე, უფრო ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად, მსოფლიოშიც კი, ზუსტად არავინ იცის, თუ რას და როგორ უნდა ასწავლიდნენ მომავალ დიზაინერებს.  ერთი რამ უდავოა, დიზაინერ-კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს ტანსაცმლის ბაზრის ანალიზი, კონკურენტების საქმიანობის შეფასება, ტანსაცმლის ბიზნესის წარმართვა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც… ამ ცოდნათა ათვისებაში სტუდენტს  უნდა ეხმარებოდეს  ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა მენეჯმენტი, მოდის ბიზნესის მარკეტინგი, მერჩენდაიზინგი. ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო. მაგრამ, აუცილებლად უნდა ვახსენო კურსი, რომელიც მე შევიმუშავე და რომელშიც გამოყენებულია და სისტემაშია მოყვანილი უცხოელ მეცნიერთა შრომები, მაღაზიათა ქსელებისა და შემკვეთების გამოცდილება. დაბრკოლებების მიუხდავად, „Fashion-მერჩენდაიზინგს“ როგორც სასწავლო კურსს 2011 წლიდან ვასწავლი მოდის მიმართულების მაგისტრატურაში. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი.“

„ცხადია, რომ დღევანდელი დიზაინერული განათლება არ იძლევა ადეკვატურ პასუხს თანამედროვე გამოწვევებზე – კატასტროფული სისწრაფით ძველდება სწავლების პერიოდში მიღებული ცოდნა. ისიც ნათელია, რომ ვიზუალური კულტურის სფეროში აუცილებელია ექსპერიმენტული ძიება და სწავლების ინოვაციური ხერხების აპრობირება. ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს აუდიტორიაში თვითგანვითარების და თვითრეალიზაციის პირობები შევუქმნა. არ ვიცი, რამდენად გამომდის. მაგრამ, არ მენანება არც დრო და არც ენერგია, ვხედავ გარკვეულ შედეგს და მიხარია. სტუდენტების მადლიერი და აღფრთოვანებული თვალები კი გაწეული შრომის ყველაზე ძვირფასი შეფასებაა.“

„რისთვის არის საჭირო პედაგოგი უმაღლეს სასწავლებელში? მხოლოდ როგორც ინფორმაციის  მატარებელი და „გადამცემი“ ? რა თქმა უნდა, არა. ამ ხარისხში იგი ვერ აჯობებს ინფორმაციის ბევრ სხვა წყაროს. ვერ აჯობებს, მაგალითად, წიგნებს, კომპიუტერს… მაგრამ, ცოდნის და უნარების გარდა, სპეციალისტი ხომ გარკვეული კულტურის წარმომადგენელია. მას აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეული კრედო და ფასეულობები, პროფესიონალური ქცევები და ა.შ. აი ამ სპეციფიკური კულტურის გაზიარების შესაძლებლობაა აუდიტორიაში პედაგოგისა და სტუდენტის ცოცხალი ურთიერთობა. უნდა ხდებოდეს პედაგოგის მიერ გაზიარებული კულტურის აღწარმოება და განვითარება… ჩემი რწმენით, ამისათვის პედაგოგიც მზად უდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  წარმოიშვა მოთხოვნა ექსპერიმენტატორ პიროვნებაზე, რომელიც ამუშავებს და ნერგავს სასწავლო პროცესში საპროექტო მეთოდებს და ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, ეძებს სწავლების ახალ ფორმებს… ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრე ჯერ კიდევ 2013 წელს ჩემს შემუშავებულ დიზაინ-განათლების სწავლების კონცეფციაში.“

მისი ცხოვრება და შემოქმედება – როგორც თავად ამბობს – ძიებაა, სვლა რაღაც აბსტრაქტულისკენ, გზებით, რომლებიც არ იცი, სამყაროს შეცნობა – შეხებისა და აღქმის საშუალებით, გზებით რომლებზეც აკრძალული იშვიათადაა რამე და გეგმებიც ხშირად იცვლება, თუმცა საკუთარის პოვნა არასდროსაა შეუძლებელი.

vepxistyaosani

ავტორი ტატო ორაგველიძე
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *