• მოდა დიდ ქალაქში •

ავტორი • 04/08/2016 • მოდაკომენტარი (0)159

იონა
დიზაინერი


იონა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მოდის დიზაინზე. თუმცა დიზაინისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 14-15 წლის ასაკში გაუჩნდა. ქსოვა – სამოსის შექმნის ერთ-ერთი ტექნოლოგია – საკმაოდ ადრე, ბავშვობაში ისწავლა, უბრალოდ ინტერესის გამო. თუმცა ეს ინტერესი მოგვიანებით ძალიან დაეხმარა თავისი ინსპირაციებისთვის ფორმის მიცემაში. მოდით დაინტერესება ასაკთან ერთად, გააზრებულად დაიწყო და ამბობს, რომ არაერთხელ სმენია ქართველი შემდგარი თუ არშემდგარი დიზაინერებისგან, რომ დაბადებისთანავე ამ პროფესიით იყვნენ შთაგონებული, თუმცა ამ ყველაფერზე ეცინება.

ახალგაზრდა დიზაინერი „ფოტოესეს“ სწორედ თანამედროვე ქართულ მოდასა და გარემოსგან მიღებულ ინსპირაციებზე ელაპარაკა, რომელსაც ის სამოსად გარდაქმნის.

img_1141

„ერთი შეხედვით, ქართულ რეალობაში მოდა საკმაოდ აქტუალურია, თუმცა აქტუალურობა რა ფორმით განისაზღვრება – ეს არ ვიცი. ბოლო დროს, საქართველოში გაჩნდა ასეთი ტენდენცია – ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესია აქვთ, ერთ დღეს იღვიძებენ და გადაწყვეტენ, რომ დიზაინერები უნდა იყვნენ. სწორედ მათ შემოაქვთ ქაოსი ქართულ მოდაში და არ აძლევენ მას განვითარების საშუალებას.

საქართველოში მოღვაწე დიზაინერების დიდი ნაწილი მსოფლიო ბრენდების ნაწარმს აკოპირებს და საზოგადოებას ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს სთავაზობს. ეს საკმაოდ სწორი კომერციული გათვლაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიულ განვითარებაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ის დიზაინერები, რომლებმაც საკუთარი ნიჭით შექმნეს კოლექციები, დღეს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულად მოღვაწეობენ.

ქართველი დიზაინერების კიდევ ერთი პრობლემა ფერისადმი შიშია. საკმარისია მოხვდეთ თბილისის მოდის კვირეულზე, ამას მაშინვე დაინახავთ.“

img_1292

„თბილისი, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, შეუძლებელია არ გახდეს ინსპირაციის წყარო. ძალიან დიდი მასალაა, რაზეც შეიძლება ბევრი წარმატებული კოლექციის შექმნა. დღისით, ქალაქი დამძიმებულია ადამიანების უარყოფითი ენერგეტიკით, მაგრამ, თუკი ღამით გახვალთ თბილისის ქუჩებში, როდესაც ადამიანები მას აღარ ამძიმებენ, აუცილებლად დაინახავთ მის ნამდვილ სახეს.

ბუნებრივ პირობებში, მოდას ეკოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთთან არაფერ კავშირშია. თუმცა, სწორედ ესაა საინტერესო – შექმნა სამოსი ნარჩენებისგან, რომელიც გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს. ალტერნატიულ მასალაში მუშაობა ყოველთვის საინტერესოა.

პოლიეთილენი გარემოს ყველაზე დიდი მტერია და კოსტუმშიც აქტიურადაა გამოყენებული როგორც დამუშავებული, ასევე დაუმუშავებელი ფორმით.

დარწმუნებული ვარ, თბილისის ქუჩები უფრო საინტერესოდ მოგვეჩვენება რაც უფრო ნაკლები პოლიეთილენის პარკი იფრენს ჰაერში და მეტი ნაგვის ბუკერი გაჩნდება. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, ხშირად ვერ იპოვი სანაგვე ურნას საჭირო ადგილას. თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენს თავებშია. უნდა ვაცნობიერებდეთ რამხელა ზიანს ვაყენებთ გარემოს, სადაც ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი კი მაშინ გამოსწორდება, როცა ადამიანები ქალაქის ქუჩებს ისევე შეიყვარებენ, როგორც საკუთარ სახლებს.“

PHOTOESSAY_SPREAD-copy

IMG_1801

IMG_1772


ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი
ავტორი: ლაშა ქავთარაძე
მოდელი: ანუკა ჯორბენაძე (LookModelsManagement)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *