საბჭოთა მოზაიკები საქართველოში

ავტორი • 23/09/2015 • 2,0კომენტარი (0)210

ნინო სირაძე პროფესიით  მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორია. დაახლოებით ერთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას, შემთხვევით მოზაიკებით მოპირკეთებულ ავტობუსის გაჩერებას გადააწყდა. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია ვებ-გვერდ soviet-mosaics.ge-ის შექმნის. როგორც ნინო „ფოტოესესთან“ საუბარში ამბობს, დიდი ხანია მოსწონს მოზაიკური პანოები თბილისის ქუჩებსა და საქართველოს სხვა ქალაქებში და უბრალოდ გადაწყვიტა მათი თავმოყრა – ფოტომასალის შეგროვება და მდებარეობის რუკაზე მონიშვნა. მოგვიანებით კი ფეისბუკ-გვერდი
Soviet Mosaics in Georgia-ც შეიქმნა, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია.

„საბჭოთა პერიოდის მოზაიკების უმრავლესობა დღესდღეობით არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტესობა ძველი შენობების (ყოფილი ფაბრიკების, ქარხნების, სკოლების და ა.შ.) ფასადებზეა გაკეთებული. დროთა განმავლობაში, ამ შენობებმა დაკარგეს ფუნქცია, დღესდღეობით ბევრი მათგანი ინგრევა ან იერს იცვლის და მათთან ერთად მოზაიკური პანოებიც ნადგურდება. ამ სამოყვარულო პროექტის და გვერდის მთავარი მიზანიც ესაა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების ერთიანი ფოტოარქივის შექმნა და ინფორმაციის შენახვა ამ პანოებზე,  სანამ ისინი საბოლოოდ გამქრალან სხვადასხვა შენობა-ნაგებობის ფასადებიდან,“- აღნიშნავს ნინო.

ჯერ კიდევ ბავშვობაში მოახდინა ნინოზე შთაბეჭდილება მოზაიკურმა პანომ. მაშინ, როცა თბილისში თითქმის ყველაფერი ნაცრისფერი იყო და პროფკავშირების კულტურის ცენტრის შენობაზე განთავსებული პანო ამ საერთო ნაცრისფერში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა.

„მას მერე დიდად არ შემცვლია შთაბეჭდილება. ყოველთვის რაღაცნაირად მიხაროდა, როდესაც ქალაქში სიარულისას, შემთხვევით, რომელიმე შენობაზე მოვკრავდი თვალს მივიწყებულ მოზაიკას. შემდეგ, როგორც ფოტომოყვარულმა, გადავწყვიტე ამ გატაცებისთვის სამოყვარულო ფოტო-პროექტის ფორმა მიმეცა და დავიწყე მოზაიკების ფოტოკამერაზე  დაფიქსირება. დროთა განმავლობაში კი, მათი შინაარსი და ისტორია გახდა ჩემთვის საინტერესო, დავიწყე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაც,“- იხსენებს ნინო სირაძე.

საბჭოთა პერიოდში გაკეთებული მოზაიკებს მოყვარული ფოტოგრაფი 2 ძირითად კატეგორიად ყოფს: პირველი – ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშებია, მასალაც, შესრულების ტექნიკაც და კომპოზიციაც დახვეწილი და გამორჩეულია (ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ბათუმის ცნობილი “რვაფეხაა”). როგორც წესი, ამ ნამუშევრების ავტორები იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილი მხატვრები იყვნენ (ზ.წერეთელი, კ.იგნატოვი, ზ.კაპანაძე და ა.შ.), თუმცა არის ისეთებიც, რომლებზეც იმ პერიოდში ჯერ კიდევ დამწყები მხატვრები მუშაობდნენ (ნინოს ერთ-ერთი ფავორიტია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებული მოზაიკური პანო “პრომეთე”, რომელიც მაშინ ახალ კურსდამთავრებულ მხატვარს, ნუგრაზ მეძმარიაშვილის ეკუთვნის).

„მეორე კატეგორია გაცილებით მრავალრიცხოვანია, მასში შედის ისეთი მოზაიკები, რომლებიც საბჭოთა მონუმენტური პროპაგანდის ნაწილად უფრო შეიძლება ჩაითვალოს. მათზე  ასახულია ის იდეები და სცენები, რაც იმ პერიოდისთვის იყო აქტუალური. უმეტესწილად, მასალაც და შესრულების ხარისხიც არაა მაღალი, თუმცა ძალიან საინტერესოა თვითონ სიუჟეტები. ჩემი აზრით, ესეთი მოზაიკები განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა პერიოდის ისტორიისა და სოციალურ-კულტურული კვლევის თვალსაზრისით,“- ამბობს ნინო.

დროთა განმავლობაში მოზაიკების „შეგროვებაში“ ნინოს მეგობრები და თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის გასაჯაროვებისთანავე აღმოჩნდა, რომ ეს თემა ბევრ ადამიანს აინტერესებს და მოსწონს. დღესდღეობით უკვე მრავალი მათგანი თავად აგზავნის ფოტოებს საქართველოს რეგიონებიდან, რომელთა თავმოყრასა და ისტორიების შეგროვებასაც ნინო საკუთარ ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე აკეთებს.

„ზოგადად, მოზაიკის გაკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ძალიან შრომატევადი პროცესია. ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, როგორიც საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა ფასადებზე, იშვიათობაა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი მოზაიკური კომპოზიციების შენარჩუნებაზე და შენახვაზე, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო და იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენენ,“- აღნიშნავს ნინო.

3958_441c7b9c-3e53-4cc4-8a8f-1a065e504ff23958_e2de56df-cb10-4c2b-8b5b-a45511051af6

3958_1618d82e-274c-4806-91bd-9ece8f4cafbe3958_ea351428-694e-4de3-991c-6a834e9d8419


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *